"რუსთავი 2"-ის დამფუძნებლები განცხადებას ავრცელებენ

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დამფუძნებლები გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ტელეკომპანიის მფლობელები იცვლებიან, განცხადებით ეხმაურებიან . 

"ინტერპრესნიუსი" ტელეკომპანიის დამფუძნებლების დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძის მიერ მოწოდებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"მედიასაშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ "რუსთავი 2"-ის მფლობელები შესაძლოა კიდევ ერთხელ შეიცვალონ. ამასთან დაკავშირებით, გვსურს განვაცხადოთ: სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2" -ის დაარსების დღიდან 2004 წლის 18 ივნისამდე, ვიყავით კომპანიის 60% -ის მფლობელები. 2004 წლის ივნისში, იმდროინდელმა უმაღლესი თანამდებობის პირებმა იძულებით დაგვათმობინეს კუთვნილი წილი. გასული წლების განმავლობაში კომპანია მრავალჯერ გადაფორმდა ხელისუფლებასთან დაახლოებულ იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე, რაც მიზნად ისახავდა, კანონიერი მფლობელებისთვის მაქსიმალურად გაერთულებინათ "რუსთავი 2"-ის დაბრუნების პროცესი.

საჯაროდ ვაცხადებთ, რომ ამჟამად, ჩვენი საჩივრის საფუძველზე, საქართველოს მთავარ პროკურატურაში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. ყველა ის პირი, რომელთა მიერაც დანაშაულებრივად განხორციელდა ჩვენი წილების მითვისება, პასუხს აგებს კანონის მთელი სიმკაცრით. ამავე დროს, გვსურს გავაფრთხილოთ ყველა, ვისაც შესაძლოა გაუჩნდეს აღნიშული წილების შესყიდვის სურვილი, თავი შეიკავონ ამგვარი ქმედებისგან რათა არ გახდნენ ამ დანაშაულებრივი ჯაჭვის კიდევ ერთი რგოლი", - აღნიშნულია განცხადებაში.