მიმდინარე წელს ცნობილი როკ-ჯგუფი “Matallica” ერთ საიუბილეო თარიღს აღნიშნავს. ჯგუფის მუსიკალური კარიერის განმავლობაში ჩაწერილ ერთ-ერთ საუკეთესო ალბომს “Black Album”, გამოცემიდან ოცი წელი უსრულდება.
ამ თარიღთან დაკავშირებით ჯგუფის წევრებმა რამდენიმე ღონისძიება დაგეგმეს.
მომავალი წლის 9 ივნისს “Metallica” მონაწილეობას მიიღებს დიდ ბრიტანეთში დაგეგმილ “Download”-ის ტრადიციულ მუსიკალურ ფესტივალში. ამ კონცერტზე მუსიკოსები “Black Album”-ში შესულ ყველა კომპოზიციას ცოცხლად შეასრულებენ.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ ჯგუფის წევრები “Download”-ის ფესტივალამდე სამი დღით ადრე, 6 ივნისს, დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენის ერთ-ერთ ციხეს ესტუმრებიან.
ეს ციხე შორეულ 1853 წელს აშენდა და 2006 წლამდე ფუნქციონირებდა. დანიელი ჟურნალისტების მტკიცებით, მისი ყველაზე ცნობილი პატიმრები გახლდნენ ამ ქვეყნის ყოფილი იუსტიციის მინისტრი და ცნობილი სერიული მკვლელი პიტერ ლუნდინი. ამჟამად ციხის ტერიტორია ბაზრობებისათვის, ფესტივალებისათვის და კონცერტებისათვის გამოიყენება.
“Metallica” ამ დაწესებულებაში დანიელი თაყვანისმცემლებისათვის “Black Album”-ში შემავალ ყველა კომპოზიციას შეასრულებს.