დავით უსუფაშვილი:  კოალიცია, საზოგადოების წინაშე აღებულ ვალდებულებებს კოალიციურ რეჟიმში შეასრულებს

დავით უსუფაშვილი: კოალიცია, საზოგადოების წინაშე აღებულ ვალდებულებებს კოალიციურ რეჟიმში შეასრულებს

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პირობას დებს, რომ კოალიცია საზოგადოებისთვის მიცემულ ყველა დაპირებას შეასრულებს. აღნიშნული განცხადება უსუფაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლებიდან წასვლის თაობაზე პრემიერ-მინისტრის განცხადებების კომენტირებისას გააკეთა. 

ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ გამოიწვევს ივანიშვილის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან წასვლა კოალიციის დაშლას, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა: "კოალიცია საზოგადოების წინაშე თავის დანაპირებს შეასრულებს. კოალიციამ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შედეგად ოთხი წლით აიღო პასუხისმგებლობა პოლიტიკურ პროცესებზე, ქვეყნის წინსვლაზე და კოალიცია ამ ვალდებულებას კოალიციურ რეჟიმში შეასრულებს".

თავად ივანიშვილის განცხადების შეფასებისგან, დავით უსუფაშვილმა დღეს თავი შეიკავა.

ბელგიური გამოცემა Euobserver-სთან ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან "ახალ წლამდე" გადადგება.