3 დეკემბერს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” თბილისის მერიას საგანგებო განცხადებას უგზავნის. ასევე, შაბათს, 3 დეკემბერს, 13 საათზე “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” წარმომადგენლები და სტუდენტები რკინიგზელთა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციას - “ყველა თანასწორია” გამართავენ. აქციის მონაწილეები მოსახლეობას საინფორმაციო ფლაერებს და მიმართვის ტექსტებს დაურიგებენ.
განცხადება ქ. თბილისის მერიას
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური ცხოვრების ხელმისაწვდომობისა და ინტეგრაციის ხელშესაწყობად გაერომ 1992 წელს 3 დეკემბერი გამოაცხადა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღედ.
ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 15% არის სხვადასხვა ფორმის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი.
შეზღუდული შესაძლებობის მქონე პირები ყოველდღიურ ცხოვრებაში უამრავ დაბრკოლებას ხვდებიან. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა არის მათი გაადადგილების საკითხი. უმეტეს შემთხვევაში მათთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს სახლიდან გამოსვლა ლიფტის არარსებობის გამო. მათთვის შეუძლებელია მეტროთი და სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა, უმეტეს შემთხვევაში შეუძლებელია მიწისქვეშა გადასასვლელებით და მიწისზედა ხიდებით ქუჩის გადაკვეთა.
მათთვის დაბრკოლებას წარმოადგენს სახელმწიფო და საზოგადოებრივ დაწესებულებებში (სასწავლებლები, საავადმყოფოები, აფთიაქები, სავაჭრო ცენტრები, კაფე-რესტორნები, გასართობი ცენტრები და სხვა) მოხვედრა.
დღესდღეობით საქართველოში მიმდინარეობს სხვადასხვა ქუჩების და შენობების რეკონსტრუქცია, რაც მისასალმებელია. თუმცა, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ამ სამუშაოების შესრულებისას არ არის გათვალისწინებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებები. კერძოდ, არ ხდება პანდუსების დაგება ტროტუარებიდან ქუჩაზე გადასვლისთვის ან შენობებში შესასვლელად.
ზოგიერთ შემთხვევაში ხდება ფორმალური პანდუსების მშენებლობა, მაგრამ ის არ შეესაბამება აუცილებელ სტანდარტებს და გამოუყენებელია (მაგ., მიწისზედა ხიდების პანდუსების დახრილობა დაშვებულ ზომას გაცილებით აღემატება).
მივმართავთ ქ. თბილისის მერიას, რომ ქალაქის რეკონსტრუქციის პროცესში გაითვალისწინის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებები. ასევე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ზედამხედველობა გაუწიოს თბილისში არსებული გარემოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ადაპტაციას.
ასევე, ვთხოვთ უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა დისკრიმინაციის გარეშე.
911
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85