პარტიების საბიუჯეტო დაფინანსებაში, სავარაუდოდ, რამდენიმე ახალი კომპონენტი გაჩნდება. როგორც ცნობილია, სახელისუფლო გუნდმა საკუთარი გადაწყვეტილება - არჩევნების შემდეგ განეხილა პარტიების საბიუჯეტო დაფინანსების გაზრდის და მისი ახლებული წესით განაწილების საკითხი, შეცვლა და კანონში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებას უახლოეს პერიოდში აპირებს.
ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, სადაც აღნიშნული გადაწყვეტილებს თაობაზე გახდა ცნობილი, არ დაკონკრეტებულა, თუ როგორი მოდელის ამოქმედებას გეგმავს მმართველი გუნდი.
დეტალებზე საუბრისაგან პროექტის ოფიციალურად ინიცირებამდე თავს იკავებს ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვნელი ზაქარია ქუცნაშვილი. ამ საკითხზე მხოლოდ ის ითქვა, რომ პარლამენტში პარტიების საბიუჯეტო დაფინანსების კუთხით ინტერფრაქციული ფორმატში შეთანხმებული მოდელი იქნება წარდგენილი.
"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, მოდელი, რაზეც პარტიები ინტერფრაქციულ ჯგუფში მსჯლობდნენ, ასეთია: პარტიებს, რომლებსაც სადღეისოდ საბიუჯეტო დაფინანსება არ აქვთ, მაგრამ საპარლამენტო არჩევნებში გარკვეული მინიმალური შედეგი აჩვენეს, ერთჯერადად ბიუჯეტიდან 150-150 ათასი ლარი მიეცემათ. ასავე საუბარია იმაზე, რომ თითოეული საპარლამენტო პარტია 300-300 ათასს ლარს დაიმატებს, რაც ამ შემთხვევაში პარტიის მიერ პარლამენტში ფრაქციის შექმნაზეა გათვალისწინებული.
გარდა ამისა, საბაზისო დაფინანსების ოდენობა, რომელიც "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" მოქმედი კანონით წელიწადში 150 ათასი ლარია, ინტერფრაქციული ჯგუფის ფარგლებში შემუშავებული პროექტის სამუშაო ვარიანტის მიხედვით, 300 ათას ლარამდე იზრდება.
ასევე, დღეს არსებული კანონის მიხედვით, თუ საარჩევნო სუბიექტი (პარტია/საარჩევნო ბლოკი) უკანასკნელ საპარლამენტო არჩევნებში 8%-იან ბარიერს ან უკანასკნელ ადგილობრივი თვითმმართველობის საერთო არჩევნებში – 6%-იან ბარიერს გადალახავს, მისი საბაზო დაფინანსების ოდენობა წელიწადში 300 000 ლარია. საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე სუბიექტებისთვის ბარიერი მცირდება, ხოლო საბაზისო დაფინანსების ოდენობა ორმაგდება. კერძოდ, ასეთ შემთხვევაში, განიხილება საკითხი იმის შესახებ, რომ თუკი პარტია ან საარჩევნო ბლოკი უკანასკნელ საპარლამენტო ან უკანასკნელ ადგილობრივი თვითმმართველობის საერთო არჩევნებში 6%-იან ბარიერს გადალახავს, საბაზო დაფინანსების ოდენობა წელიწადში 600 000 ლარი იყოს.