სასჯელაღსრულების სამინისტრომ ადვოკატის დაკავებაზე განცხადება გაავრცელა

სასჯელაღსრულების სამინისტრომ ადვოკატის დაკავებაზე განცხადება გაავრცელა

ციხეში ნარკოტიკის შეტანის მცდელობისთვის ადვოკატის დაკავებასთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულების სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 24 ივლისს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი ე.მ დააკავეს.

სამინისტროს ინფორმაციით, ე.მ. რომელიც სასჯელაღსრულების #15 დაწესებულებაში მყოფი ერთ-ერთი მსჯავრდებულის ინტერესებს იცავდა, აღნიშნულ დაწესებულებაში შევიდა და მისი დაცვის ქვეშ მყოფი მსჯავრდებულისთვის, ნარკოტიკული საშუალება "ბუპრენორფინის" შემცველი მცირე რაოდენობით ნივთიერების გადაცემა სცადა, რა დროსაც, ის ზემოთ ხსენებული დეპარტამენტების თანამშრომლებმა დააკავეს.

"აღნიშნული ფაქტის გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-378 პრიმა მუხლის მეორე და მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული პირისთვის, აკრძალული საგნის გადაცემის მცდელობას, რომელიც ჩადენილია სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით", - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, დანაშაული 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამასთან, სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული დანაშაულს აღიარებს, - თბილისის საქალაქო სასამართლომ მას უკვე შეუფარდა გირაო.