პარტიების საბიუჯეტო დაფინანსების არსებული წესი საპრეზიდენტო არჩევნებამდე შეიცვლება და ახალი მოდელი ამოქმედდება. ამის თაობაზე მმართველმა გუნდმა პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიიღო, რაც ბიუროს სხდომაზე გახდა ცნობილი.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, საკითხის გადადებას გარკვეული სპეკულაციები მოჰყვა, რამაც არჩევნების წინ არაჯანსაღი სიტუაცია შექმნა.
"ზაქარია ქუცნაშვილი პოლიტიკურ სუბიექტებს ესაუბრა, კონსულტაციები გაიმართა მთავრობასთან და მიღწეულია პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ საკითხის განხილვას დავუბრუნდეთ ახლავე. თემა, რომელიც პარტიებისთვის ესოდენ მნიშვნელოვანია წინასაარჩევნოდ, საკანონმდებლო ინიციატივის სახით იქნება წარმოდგენილი უახლოეს პერიოდში და მას პარლამენტი უახლოეს შესაძლო ვადებში განიხილავს. ასე რომ, პარტიების დაფინანსების შესახებ ინტერფრაქციული ფორმატში შეთანხმებული მოდელი განხილული იქნება პარლამენტში და მიღებული იქნება არჩევნებმდე", – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებების პროექტს პარლამენტი დღეს III მოსმენით დაამტკიცებს.
წარმოდგენილი კანონპროექტით მთელი რიგი მიმართულებით იხსნება შეზღუდვები, რომელიც აღნიშნულ კანონში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართვისას ჩაიდო. მათ შორის ეს დაფინანსების საკითხებსაც შეეხება, თუმცა არაფერი იცვლება კანონის იმ ნაწილში, რომელიც პარტიების, კერძოდ კი, ე.წ. კვალიფიციური სუბიექტების საბიუჯეტო დაფინანსებას და მისი მიღების წესს შეეხება. ეს სერიოზული უკამყოფილების და მმართველ გუნდთან დაპირისპირების საგანი გახდა არასაპარლამენტო პოლიტიკური გართიანებების მხრიდან.