ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის განცხადებით, "სოჭის ოლიმპიადის წინ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შესაძლოა, სხვადასხვა რელიგიურ-ექსტრემისტური დაჯგუფებები გააქტიურდნენ".
როგორც თიბილოვმა "რესპუბლიკის სამინისტროების ხელმძღვანელებთან" გამართულ თათბირზე აღნიშნა, "რუსეთი სოჭის ოლიმპიადის მზადების პროცესში უსაფრთხოების საკითხებს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს".
"ეს საკითხები განიხილებოდა სამხრეთ ოსეთში რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის რაშიდ ნურგალიევის ვიზიტის დროს. რუსეთი ოლიმპიური თამაშების ჩატარების ადგილთან ახლოს რელიგიუ-ექსტრემისტული და ტერორისტული ორგანიზაციების ნებისმიერი გააქტიურების აღსაკვეთად სერიოზულ სამუშაოებს ატარებს", - განაცხადა თიბილოვმა.
ამასთან, მან თათბირის მონაწილეებს მოუწოდა, უფრო ფხიზლად იყვნენ და აღნიშნულ საკითხს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ.
"სამხრეთ ოსეთში სამშენებლო სამუშაოებზე ბევრი ადამიანი ჩამოდის, ძირითადად შუა აზიის ქვეყნებიდან. სამართალდამცველმა ორგანოებმა უნდა იცოდნენ, რას აკეთებენ ეს ადამიანები ჩვენს ქვეყანაში. მათ შორის, შესაძლოა, დამნაშავეებიც იყვნენ და ამიტომ, ჩვენ ნებისმიერი კანონსაწინააღმდეგო ქმედება ძირშივე უნდა აღვკვეთოთ", - განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა.
გარდა ამისა, თიბილოვმა "ყურადღება გაამახვილა არსებულ ინფორმაციაზე იმის შესახებ, რომ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შესაძლოა, ქართული სპეცსამსახურების სასარგებლოდ მომუშავე პირები იმყოფებოდნენ".