საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით სინგაპურში იმყოფება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი სინგაპურის პრეზიდენტ ტონი ტანს შეხვდა.
ლიდერებმა ორი ქვეყნის სამომავლო ურთიერთობაზე იმსჯელეს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივა განიხილეს.
"შეხვედრის მთავარი თემა ის წარმატებული ეკონომიკური რეფორმები იყო, რომლებიც საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა. ტონი ტანთან საუბრისას მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ სინგაპურის მოდელი საქართველოს რეფორმების წარმატების გარანტი გახდა",-ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
ამასთან, მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველოსთვის კვლავაც აქტუალურია იმ გამოცდილების გაზიარება, რომელიც სინგაპურს ბიზნესის კეთების სიმარტივის თვალსაზრისით აქვს.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ლიდერებმა შეხვედრისას ეკონომიკური საკითხების გარდა, პოლიტიკური თემებიც განიხილეს და გაერო-სა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ისაუბრეს. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი სინგაპურის სახელმწიფო განვითარების მინისტრ ხავ ბუნ ვანსაც შეხვდა. მხარეებმა ყურადღება ეკონომიკურ და საინვესტიციო ფონდებთან ურთიერთობის პერსპექტივებზე გაამახვილეს.
მიხეილ სააკაშვილი სინგაპურში დღეს სხვა შეხვედრებსაც გამართავს. ქართული დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები.