პროკურორებს მკაცრი, მაგრამ სამართლიანი ხელი სჭირდებათ, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი
გაზეთ "რეზონანსთან" ინტერვიუში აცხადებს. მისი თქმით, პროკურორებს სჭირდებათ "მშობელი", რომელიც გარეთ მათ ინტერესებს დაიცავს, შიგნით კი – წესრიგს დაამყარებს.
თეა წულუკიანს პროკურატურასთან ბევრი კითხვა აქვს, თუმცა აცხადებს, რომ "პროკურატურის შესახებ" კანონში ცვლილებების შემდეგ ამ კითხვების დასმა კანონით აეკრძალა.
"ვეთანხმები პრემიერს, რომ პროკურატურა დღეს სუსტია და ვერ უმკლავდება იმ უსამართლობის განცდას, რაც საზოგადოებაშია. პროკურატურას ჰყავს ხელმძღვანელი, რომელსაც ნოემბრის შემდეგ აბსოლუტური დამოუკიდებლობა ჰქონდა. ახლა ეს გაფორმებულია კანონით. ვფიქრობ, ყველამ პასუხი უნდა აგოს იმ საქმეზე, რაც აბარია. მგონია, რომ პროკურორებს მკაცრი, მაგრამ სამართლიანი ხელი სჭირდებათ. არ ვთვლი, რომ პროკურორები გაუსაძლისი წნეხის ქვეშ უნდა იყვნენ, მაგრამ სიმკაცრე საჭიროა მათ მიმართ, ვინც ხალხის უბედურებაში ფეხი ჩადგა", - აცხადებს იუსტიციის მინისტრი.
თეა წულუკიანის ვარაუდით, პროკურატურაში კადრებთან ერთად მიდგომების პრობლემაც არსებობს და აუცილებელია, პროკურორებს თავიანთი მოვალეობები კარგად განემარტოთ.
"რასაც მე ვუყურებ, მთავარი პროკურორი ამის ახსნაზე ბევრ დროს ხარჯავს, მაგრამ შედეგისთვის კიდევ სხვა რაღაც არის საჭირო", - აღნიშნავს თეა წულუკიანი.