თბილისში, ყოფილ მე-13 სკოლასთან, სადაც სოციალურად დაუცველები ცხოვრობენ, სამართალდამცველები არიან მობილიზებული. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან, როგორც შენობის გარე პერიმეტრზე, ისე შენობაშიც. ისინი ჟურნალისტებს სკოლის ყოფილ შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევენ. პოლიციელები მედიასთან არც კომენტარს აკეთებენ.
სოციალურად დაუცველების ინფორმაციით კი, სამართალდამცველები მათ გამოსახლებას აპირებენ. მათი განცხადებით, 9 თვეა, აღნიშნულ შენობაში ცხოვრობენ, 5 დღის წინ კი შსს-სგან ტეროტორიის დატოვების შესახებ გაფრთხილება მიიღეს.
სოციალურად დაუცველების თქმით, ისინი არასად წასვლას არ აპირებენ.
აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადაც მივიდა.
ამასთან, დევნილთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული შენობა დევნილებისთვის უნდა გარემონტდეს და ეს პროცესი იქ მცხოვრებთა გამო ფერხდება.
ყოფილი სკოლის შენობაში ამ დროისთვის 30-მდე ოჯახია შესახლებული.