ნინო ბურჯანაძე: არ მინდა ხეზე ჩამოკიდებული

ნინო ბურჯანაძე: არ მინდა ხეზე ჩამოკიდებული "ნაციონალების" ხილვა, მაგრამ...

- თუ გიორგი მარგველაშვილი გაიმარჯვებს, ძალიან მოკლე ხანში "ნაციონალები" ხელისუფლებაში დაბრუნდებიან. ხომ ხედავთ, რომ "ქართული ოცნება" "ნაციონალებს" ვერ უმკლავდება?.. სწორედ ეგაა საქმე, რომ "ნაციონალებს" პოლიტიკური მანევრირების მეტი გამოცდილება აქვთ, ფაქტია, რომ "ოცნება" ძალიან სუსტია მათ პირისპირ და წარმოგიდგენიათ ხვალ და ზეგ რა მოხდება?.. "ნაციონალების" განეიტრალების ერთადერთი გზა ობიექტური მართლმსაჯულებაა. ნამდვილად არ მინდა ხეზე ჩამოკიდებული "ნაციონალების" ხილვა, ღმერთმა დამიფაროს, მაგრამ ისინი, როგორც საფრთხე, რეალურად არსებობენ და "ოცნებას" მათ გასანეიტრალებად ძალა და კომპეტენცია არ აღმოაჩნდა.

ის, რომ ბოლო დრო დასავლეთის მხრიდან ახალი ხელისუფლების კრიტიკისა და "ნაციონალების" დაცვის მეტი არაფერი ისმის, ახალი ხელისუფლების კრახს ნიშნავს. მათ ვერ შეძლეს დასავლეთისთვის წინა რეჟიმთან დაკავშირებით ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს - "ქართულ ოცნებაში" არიან ადამიანები, რომელთაც "ნაციონალების", როგორც პოლიტიკური ძალის გაქრობის სურვილი არ აქვთ და არც მალავენ.

- წლების შემდეგ ვარდების რევოლუციის გადაფასება მოხდა. თქვენც იმ გუნდთან ერთად იყავით, ხომ არ მიიჩნევთ, რომ ის თქვენი პოლიტიკური შეცდომა იყო?

- არა, რადგან მე იმ ძალასთან კი არ ვიყავი, "ნაციონალური მოძრაობა" შემოგვიერთდა "ბურჯანაძე-დემოკრატებს" და შემდეგ სააკაშვილმა თავისი რადიკალიზმით ლიდერობის ხელში აღება შეძლო... ხალხი ძალიან დაღლილი იყო და "ნაციონალების" რადიკალური დაპირებები უფრო ირწმუნა, ვიდრე "ბურჯანაძე-დემოკრატების" გაწონასწორებული მოსაზრებები.