სოსო ცისკარიშვილი

სოსო ცისკარიშვილი "ტრაქტორების საქმეზე" _ "კითხეთ ბატონ ნაცვლიშვილს, ვინ ცემა ახალგაზრდობაში"

პოლიტოლოგმა სოსო ცისკარიშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერით, გადაცემა "პოსტსკრიპტუმში" სკანდალური განცხადება გაავრცელა ე. წ "ტრაქტორების საქმესთან" დაკავშირებით.

"შვეიცარიის ჰამერბერგმა 13 ივლისსაც გაუგზავნა პირადად ბატონ ნაცვლიშვილს წერილი იმის თაობაზე, რომ მისი წარმოდგენით სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდნენ პატიმრობაში მყოფი (საუბარია ე. "ტრაქტორების საქმეზე" დაკავებულ პირებზე. ავტ) ადამიანები, რადგან არ არსებობს არანაირი საფუძველი მათი დაკავებისა და რომ იგი ეთანხმება ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ანალოგიურ დასკვნას ამ საქმის თაობაზე.

"ტრაქტორების საქმე" სხვა არაფერია, თუ არა პირადი ანგარიშსწორება. უხერხულია, როდესაც ყმაწვილკაცობაში ვინმე გცემს, მერე იმის მიმართ ცხოვრების განმავლობაში ასეთი ტიპის შურისძიება დაგეგმო და მაღალი კვალიფიკაციის მინისტრი მოისურვო იხილო გისოსებს მიღმა." _ განაცხადა ცისკარიშვილმა

ცისკარიშვილი ამტკიცებს, რომ ტრაქტორების საქმე სხვა არაფერია, თუ არა პირადი ანგარიშსწორება.

ჟურნალისტის კითხვაზე, _ ვინ ვინ ცემა, ბატონო სოსო, დავიბენით, ექსპერტმა განაცხადა: კითხეთ ბატონ ნაცვლიშვილს, ვინ ცემა ახალგაზრდობაში.

როგორც "პოსტკრიპტუმში" განაცხადეს, ცემაზე კომენტარს არცერთი მხარე არ აკეთებს.

დღესვე, ე.წ "ტრაქტორების საქმესთან" დაკავშირებით კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი მოხდა. თბილისის საქალაქო სასამართლოში სასწრაფოდ დაინიშნა პროცესი აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ, რომელიც ეხებოდა შპს "მექანიზატორის" საქმეზე დაკავებულ ორ პირს ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორებს _ ოთარ ქარჩავას და ზაზა მახარობლიძეს.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა. პროკურორის განცხადებით, "რადგან საგამოძიებო მოქმედებები უკვე ამოწურულია და ზაზა მახარობლიძეს არ აქვს კავშირი შპს "მექანიზატორთან," არ არსებობს მტკიცებულებების განადგურების საშიშროება, აქედან გამომდინარე მახარობლიძე ხელს არ შეუშლის გამოძიებას, რაც შეიძლება საფუძვლად დაედოს აღკვეთი ღონისძიების შეცვლას".

ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა 5000 ლარიანი გირაოს შემცირება 1000 ლარამდე მოითხოვა, გადახდის 10 დღიანი ვადის ნაცვლად კი უფრო გრძელვადიანი პერიოდი. მისი განცხადებით, ზაზა მახარობლიძე დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს, გარდა ამისა, მას მძიმე ავადმყოფი დედა ჰყავდა და ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო.

ზაზა მახარობლიძის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხს მოსამართლე ლია ორკოდაშვილი იხილავდა. მან პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, მაგრამ ცვლილებით. მოსამართლის გადაწყვეტილებით პროკურატურის მოთხოვნილი 5 000 ლარიანი გირაოს ნაცვლად მახარობლიძეს 3500 ლარის გირაო შეეფარდა.

დღესვე პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე აღკვეთის ღონისძიება შეეცვალა ამავე საქმეში მონაწილე კიდევ ერთ პირს, ოთარ ქარჩავას. რომელიც მიწვეული სპეციალისტის რანგში ჰყავდათ დაქირავებული სოფლის მეურნეობის სამინისტროს.

2013 წლის 1 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს, ანუ ყოფილი კუდის თანამშრომლებმა რვა პირი დააკავეს: შპს "მექანიზატორის" გენერალური დირექტორი - ვაჟა ნახუცრიშვილი, მისი მოადგილეები - მამუკა ივანიაძე და ბესიკ თეთვაძე; სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტექნოლოგიების სამმართველოს უფროსი - ომარ თედორაძე, ტექნიკურ მეცნიერებათ დოქტორები - ოთარ ქარჩავა, ზაზა მახარობლიძე, თეო ურუშაძე და გივი ქაიხოსროშვილი დააკავეს.

შსს-ს ცნობით შპს "მექანიზატორისა" და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნები "სახელმწიფოს კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის, სამსახურებრივი გულგრილობისა და ექსპერტებზე ზეწოლისთვის" დააპატიმრეს. სასამართლომ შვიდ მათგანს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გირაოს სანაცვლოდ მხოლოდ აგრარული უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტის დეკანი თეო ურუშაძე გაათავისუფლეს.

ამ ფაქტის გამო, ორ მაისს სოფლის მეურნეობის მინისტრი თანამდებობიდან გადადგა. მან უფლებამოსილების შეჩერება გამოძიების დასრულებამდე ითხოვა.

დაკავებულებს პროკურატურამ ბრალი სამ მაისს წაუყენა.