პარლამენტი შსს-ს რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის ფაქტებზე გამოძიების დასრულების რეკომენდაციით მიმართავს

პარლამენტი შსს-ს რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის ფაქტებზე გამოძიების დასრულების რეკომენდაციით მიმართავს

პარლამენტი შსს-ს რელიგიის თავისუფლების შეზღუდვისა და რელიგიურ ნიადაგზე დისკრიმინაციის ნიშნების შემცველი მოპყრობის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ბოლომდე მიყვანის რეკომენდაციით მიმართავს. ამის შესახებ ნათქვამია პარლამენტის დადგენილების პროექტში, რომელიც სახალხო დამცველის ანგარიშთან დაკავშირებით მომზადდა.

უჩა ნანუაშვილი მის მიერ პარლამენტში წარდგენილ დოკუმენტში ქვეყანაში რელიგიის თავისუფლების თვალსაზრისით და ტოლერანტული გარემოს კუთხით მდგომარეობაზეც საუბრობს. სახალხო დამცველის ანგარიშში აისახა გასული წლის ბოლოს ნიგვზიანსა და წინწყაროში ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები.

დადგენილების პროექტში, პარლამენტი ირაკლი ღარიბაშვილის უწყებას მიმართავს, დაასრულოს დაწყებული გამოძიებები, რომელიც პირთა მიმართ რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის და რელიგიურ ნიადაგზე დისკრიმინაციის ნიშნების შემცველი მოპყრობის ფაქტებს უკავშირდება. აღნიშნული რეკომენდაციის დოკუმენტში ჩადებას ითხოვდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა".
პარლამენტს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სხვა რეკომენდაციებიც აქვს. კერძოდ, უწყებისადმი კანონმდებლების მითითებაა, რომ დაკავებისა და დაპატიმრების შემთხვევაში, განხორციელდეს ბრალდებულის საპროცესო უფლებების დაცვა და შესაბამისი გარანტიების გამოყენება.

ასევე პარლამენტი შსს მიმართავს, უზრუნველყოს 2012 წლის განმავლობაში, ასევე საარჩევნო პერიოდში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების ობიექტური და ეფექტური გამოძიება; უზრუნველყოს არასრულწლოვანთა დაცვა მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მხრიდან უფლებათა ბოროტად გამოყენებისგან და კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციების ამოქმედება ბავშვთა უფლებების დამრღვევ პირთა მიმართ; უზრუნველყოს ქალთა დაცვა ოჯახში ძალადობისაგან.

სახალხო დამცველის ანგარიშთან დაკავშირებით დადგენილების პროექტი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მოამზადა. დოკუმენტი ექვსი გვერდისგან შედგება და მასში პარლამენტის რეკომენდაციებია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის, ჯანდაცვის, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროების, ადგილობრივი თვითმმართველობების და მთავარი პროკურატურის მიმართ. პარლამენტი ასევე მიმართვს მთავრობას – უზრუნველყოს სამინისტროების მიერ მითითებული რეკომენდაციების შესრულება.

სახალხო დამცველს დეპუტატები 30 ივლისის რიგგარეშე სხდომაზე მოუსმენენ. მის მიერ წარდგენილ დოკუმენტს პარლამენტი დადგენილების მიღებით უპასუხებს.