პატრიარქი - რუსეთის პრეზიდენტი ალბათ შეასრულებს თავის დაპირებას

პატრიარქი - რუსეთის პრეზიდენტი ალბათ შეასრულებს თავის დაპირებას

რუსეთში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ქრისტიანი მოსახლეობის პრობლემებთან დაკავშირებით ცალკე დოკუმენტის შექმნას დაჰპირდნენ, - ამის შესახებ ილია მეორე "მე-9 არხთან" ინტერვიუში აცხადებს.

როგორც უწმინდესი აღნიშნავს, რუსეთის პატრიარქმა მას სიტყვა მისცა, რომ აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილი მოსახლეობის საკითხი ცალკე იქნება განხილული.

"რუსეთის პატრიარქი მობრძანდა ჩვენთან. პატრიარქმა მომცა სიტყვა და ეს არის პრეზიდენტ პუტინის აზრიც. მას უთქვამს კიდეც პატრიარქისთვის – რატომ არ შეიტანეთ დოკუმენტში აფხაზეთიდან და ცხინვალიდან ლტოლვილებიო. შემპირდნენ, რომ ცალკე იქნება ეს საკითხი განხილული და განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ამას. აქედან უნდა დავიწყოთ ჩვენ ლტოლვილების დაბრუნება თავის კერაზე და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ლტოლვილები დაბრუნდნენ. რუსეთის პრეზიდენტი ალბათ შეასრულებს თავის დაპირებას", - ბრძანა უწმინდესმა.

რუსეთის ნათლისღების 1025 წლისთავთან დაკავშირებით კიევში ვიზიტით მყოფმა მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებმა შეიმუშავეს დოკუმენტი, რომელშიც მსოფლიოს მართლმადიდებელი ერების პრობლემებია განხილული. მეუფე თეოდორეს ინფორმაციით, დოკუმენტში საუბარია ქრისტიანი მოსახლეობის დევნისა და შევიწროების ფაქტებზე.

"ჩვენ გვინდოდა, ამ დოკუმენტში შესულიყო აფხაზეთსა და ცხინვალში არსებული მდგომარეობა, სადაც დღესაც ხდება სასაზღვრო ზოლის გავლება და ამ ზოლმა, დღეს სამწუხაროდ ზოგიერთი ოჯახის ეზოზე გაიარა", - ბრძანა მეუფე თეოდორემ.