ეპისკოპოსმა იაკობმა პატიმრებს მოუწოდა თვითდაზიანებასა და შიმშილობის ფორმებს ნუ მიმართავენ

ეპისკოპოსმა იაკობმა პატიმრებს მოუწოდა თვითდაზიანებასა და შიმშილობის ფორმებს ნუ მიმართავენ

პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა პატიმრებს მოუწოდა თვითდაზიანებასა და შიმშილობის ფორმებს ნუ მიმართავენ. როგორც მეუფე იაკობმა დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა , ციხეებში თვითდაზიანების ფაქტები გახშირდა, რაც არ შეიძლება.

"ძველად ციხეებში გაუსაძლისი პირობები იყო და იქ იმაზე მეტი ხალხი იჯდა, ვიდრე ეტეოდა. უცხოეთი ბევრ ფულს იხდიდა იმაში, რომ ციხეები აგვეშენებინა. მადლობა ღმერთს, ახალი ხელისუფლების მიდგომები შეიცვალა. 15 000-მდე პატიმარი გათავისუფლდა და ასევე, საკამათო გახდა ის თემა, უნდა გამოეშვათ თუ არა ისინი. თუმცა, მე ციხისთვის ყველა მეცოდება", - ბრძანა მეუფე იაკობმა.

ბოდბელი ეპისკოპოსი ამნისტიასა და პატიმრების გათავისუფლებას ხელისუფლების ტენდენციას უწოდებს. როგორც მეუფემ აღნიშნა, პარლამენტმა ამნისტიის შესახებ კანონი მიიღო, ვადაზე ადრე გაანთავისუფლეს 2600-მდე პატიმარი, ასევე პატიმრები პრეზიდენტმაც შეიწყალა.

"ბევრმა ოჯახმა გაიხარა და ვუსურვებ გათავისუფლებულებს წესიერად ეცხოვროთ, თუმცა დღეს კიდევ 9 000-მდე კაცია ციხეში. ზოგიერთი ფიქრობს, რომ დაჩაგრულია. მაგრამ იმედია სასამართლო სხვადასხვა ზეგავლენებისგან გათავისუფლდება. აღარ იქნება ვინმესგან მართული და ამ ადამიანებზეც იფიქრებს, თუმცა უცებ არაფერი შეიცვლება. ყველაფერს დრო სჭირდება. პატიმრებზე ხელისუფლებაც და ეკლესიაც ფიქრობს. ბოლო დროს იმატა თვითდაზიანებების შემთხვევებმა, რაც არ შეიძლება. ასევე არის შიმშილობები, რომ ყველაფერი სწრაფად მოხდეს, თუმცა ეს იოლად გადასაწყვეტი პრობლემა არ არის", - ბრძანა მეუფემ.

როგორც ეპისკოპოსმა აღნიშნა, უწმინდესი და ხელისუფლება ბევრს ფიქრობენ პატიმრებზე. მეუფემ სამწუხარო უწოდა იმ ფაქტს, რომ ბევრი გათავისუფლებული პატიმარი ისევ ციხეებს უბრუნდება.
"ჩვენ ქურდობის გარეშე ცხოვრება უნდა ვისწავლოთ. სხვისი გამწარებით ბედნიერი ვერ გახდები, ამიტომ ჩემი თხოვნა იქნება გადახედოთ თქვენს მოთხოვნებს. ყველა ცდილობს ისეთი კანონი მიიღოს, რომ თქვენ შვება იგრძნოთ. რაც გეკუთვნით იმას მაინც მიიღებთ, მაგრმა დაელოდეთ, რომ გადაისინჯოს თქვენი საქმეები. თუ არ გეკუთვნით, რაც არ უნდა იშიმშილოთ და თავი დაიზიანოთ ამის გაკეთებას ვერავის აიძულებთ", - მიმართა მეუფე იაკობმა პატიმრებს და მათ ციხეებიდან მალე გათავისუფლება უსურვა.

როგორც მეუფემ ბრძანა, განსხვავებული აზრების გამო ადამიანები ერთმანეთს არ უნდა დაუპირისპირდნენ.