საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები შევიდა

საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები შევიდა

პარლამენტმა საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების პროექტებზე მუშაობა დაასრულა. ინტერფრაქციული ჯგუფის ფარგლებში, რამდენიმე პროექტად ინიცირებული ცვლილებები დღეს მესამე - საბოლოო მოსმენით დამტკიცდა.

მიღებული ცვლილებების თანახმად, არჩევნებში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საწინააღმდეგოდ კანონმდებლობაში რამდენიმე კონკრეტული აკრძალვა ჩაიდო. კერძოდ, ცვლილებების გათვალისწინებით, საჯარო მოხელეებს წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ ექნებათ არა მარტო მაშინ, როდესაც ისინი უშუალოდ სამსახურებრივ ფუნქციებს ასრულებენ, არამედ ზოგადად, სამუშაო საათების განმავლობაში.

იკრძალება სახელმწიფო თუ ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ორგანიზებულ ღონისძიებებსა და პრეზენტაციებზე ორგანიზატორის მიერ აგიტაციის გაწევა. აღნიშნული ქმედება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებად ჩაითვლება. გარდა ამისა, მთლიანად იკრძალება სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება წინასაარჩევნო აგიტაციის პროცესში.

გარდა ამისა, პარლამენტის მიერ დღეს მიღებული ცვლილებების თანახმად, სპეციალურად არჩევნების წინ შექმნილი უწყებათაშორისი კომისია უშიშროების საბჭოს მართვის სივრციდან გადის. აღნიშნული უწყება იუსტიციის სამინისტროს ფარგლებში ამოქმედდება.

ასევე, ცვლილებების თანახმად, პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრის შემთხვევაში, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირს დაკავებული თანამდებობის დატოვება მოუწევს. შეზღუდვა, რომელიც ამ თვალსაზრისით "საარჩევნო კოდექსში" არ არსებობდა, ამიერიდან ჩაიდება. ცვლილებების თანახმად, კანონს ახალი მუხლი ემატება, რომლის მიხედვითაც, დგინდება პრეზიდენტობის კანდიდატის სტატუსთან შეუთავსებელი სახელმწიფო თანამდებობები.

საპრეზიდენტო არჩევნებისთვის იზრდება საოლქო და საუბნო კომისიებში როგორც საინიციატივო ჯგუფის, ასევე პარტიების მიერ დანიშნული ორ-ორი წარმომადგენლის შრომის ანაზღაურების ოდენობა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება არის ის, რომ საპრეზიდენტო არჩევნებისათვის კანდიდატს, ვინც მოიპოვებს მონაწილეთა ხმების 10%-ს და მეტს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან აუნაზღაურდება გაწეული და დასაბუთებული ხარჯი - 1 000 000 ლარის ოდენობით.

ამავე ცვლილებების მიხედვით, ამომრჩევლებს, რომლებიც საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციიდან მოხსნილნი არიან, ან რომელთა რეგისტრაციაც ძალადაკარგულადაა გამოცხადებული, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცემათ. საუბარია 90 000 – ზე მეტ ამომრჩეველზე.

გარდა ამისა, დღეს პარლამენტმა მეორე მოსმენით განიხილა და მიიღო "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში ინიცირებული ცვლილებების პროექტი, რომელსაც საბოლოო კენჭისყრით მომავალი კვირის სესიაზე დაამტკიცებენ.