იპოთეკარებთან დაკავშირებული პროექტი დღევანდელ სესიაზე აღარ გავა

იპოთეკარებთან დაკავშირებული პროექტი დღევანდელ სესიაზე აღარ გავა

იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე აღსრულების პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებული პროექტი დღევანდელ სესიაზე აღარ გავა. ამის შესახებ ჟურნალისტებს კანონპროექტის ავტორმა გედევან ფოფხაძემ, საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ აცნობა.

"კანონპროექტს დღეს მეორე მოსმენით არ განვიხილავთ. საკითხზე მსჯელობა გაგრძელდება და საბოლოო, შეჯერებული პოზიცია ჩამოყალიბდება. თავისი ხედვები აქვს მთავრობას. ამ თემაზე ერთმანეთში ვსაუბრობთ დეპუტატები და შევეცდებით შეჯერებული გადაწყვეტილების მიღებას. შესაძლებელია კანონპროექტს წარმოდგენილი ფორმით დეპუტატთა უმრავლესობამ მხარი არ დაუჭროს. შეიძლება მართლაც უფრო მოქნილი და გონივრული გადაწყვეტილება გამოინახოს, რაც ასეთ რადიკალურ გზებს აღარ მოითხოვს", – განუცხადა ფოფხაძემ ჟურნალისტებს, რომელიც ვერ აკონკრეტებს, რა ალტერნატიულ მექანიზმებზე შეიძლება იყოს საუბარი.

ამასთან, დეპუტატი ჯერ მხოლოდ ვარაუდის დონეზე ამბობს, რომ თემას პარლამენტი მომავალი კვირისთვის მიუბრუნდება.