დავით ბაქრაძე გიორგი მარგველაშვილს დებატებს სთავაზობს

დავით ბაქრაძე გიორგი მარგველაშვილს დებატებს სთავაზობს

"ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე, "ქართული ოცნებიდან" კონკურენტ გიორგი მარგველაშვილს დებატების სერიას სთავაზობს.

ბაქრაძემ მარგველაშვილი დებატებში "ექსპო-ჯორჯიაში" შემაჯამებელი პრაიმერის დასრულების შემდეგ, დელეგატებისთვის საბოლოო სიტყვით მიმართვისას გამოწივია.

"ვთავაზობ ხელისუფლების საპრეზიდენტო კანდიდატ გიორგი მარგველაშვილს პირდაპირი, ერთ-ერთზე დებატების სერიას ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ყველა თემაზე. რა თქმა უნდა, წინა წლების პრაქტიკის გათვალისწინებით, ჩვენ გვექნება ერთიანი დებატები სხვა კანდიდატებთან. მე ვუდასტურებ ჩემს პატივისცემას ყველა სხვა კანდიდატს, მაგრამ პრინციპულად მნიშვნელოვანია, ქვეყნის ორი მთავარი პოლიტიკური ძალის - "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატები დასხდნენ ერთად და ცივილური, პროფესიონალური დებატების გზით დაანახონ ჩვენს მოსახლეობას, ვინ როგორ სთავაზობს პრობლემების მოგვარებას და განვითარებას", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისივე შეფასებით, აუცილებელია "ქართული ოცნების" კანდიდატმა დაამტკოცოს, რომ მისი მთავარი ღირსება არაა მხოლოდ პრემიერთან პირადი მეგობრობა.

"აუცილებელია "ქართული ოცნების" კანდიდატმა აჩვენოს ხალხს ისიც, თუ როგორ აპირებს ქვეყნის წინაშე მდგარი ურთულესი პრობლემების მოგვარებას პოლიტიკური და პროფესიული გამოცდილების არქონის პირობებში. აუცილებელია დაარწმუნოს მოსახლეობა, რამდენად გააგრძელებს ქვეყნის საგარეო კურსს ევროპელ და ამერიკელ ლიდერებთან ურთიერთობების და კონტაქტების არარსებობის ფონზე. აუცილებელია დაამტკიცოს, რომ პრეზიდენტობის შემთხვევაში არ იქნება მხოლოდ მთავრობის მეგობარი და მარიონეტი, ამ ყველაფრის ჩვენების საუკეთესო გზა კი ის დებატებია, რომელსაც მე მას ვთავაზობ. იმედი მაქვს, გიორგი მარგველაშვილი მიიღებს ჩემს შეთავაზებას და ჩვენ გვექნება პირისპირ დებატების სერია ყველა მნიშვნელოვან თემაზე", - აღნიშნა ბაქრაძემ.