დავით ბაქრაძე - ჩვენ ვისწავლეთ შეცდომებზე

დავით ბაქრაძე - ჩვენ ვისწავლეთ შეცდომებზე

მინდა გულწრფელად გითხრათ, ჩვენ ვისწავლეთ შეცდომებზე, - ასე მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ "ექსპო-ჯორჯიაში" შეკრებილ პარტიის მხარდამჭერებს, მას შემდეგ, რაც ის შემაჯამებელ პრაიმერზე პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად გამოცხადდა.

მისივე განმარტებით, მათი ამოცანაა, აჩვენონ საზოგადოებას, რომ პირველი ოქტომბრის არჩევნებით გაკვეთილი მიიღეს. "დიახ, ჩვენ ვისწავლეთ შეცდომებზე, დიახ, წინა წლებში ბევრი კარგი რამ გაკეთდა ქვეყანაში, შეიქმნა ისეთი ინსტიტუტები, როგორებიცაა ჯარი და პოლიცია, განვითარდა ინფრასტრუქტურა, განვითარდა ქალაქები, ბევრ სოფელს მიეწოდა გაზი, წყალი, გაკეთდა გზები, მოქალაქეებს აღარ სძალავენ ქრთამს ყველა ფეხის ნაბიჯზე, როგორც ეს შევარდნაძის დროს იყო, მაგრამ ჩვენ ვერ შევძელით ეკონომიკური განვითარების მიტანა ყველა ოჯახში, ვერ შევძელით სიღარიბისა და უმუშევრობის დამარცხება, ვერ შევძელით ადამიანთა უფლებების საშინელი დარღვევების ბოლომდე აღკვეთა, დიახ, იყო შეცდომებიც, გულგრილობაც და დანაშაულიც. დღეს ჩვენი ამოცანაა, ვაჩვენოთ საზოგადოებას, რომ მივიღეთ პირველი ოქტომბრის არჩევნების გაკვეთილი და დავამტკიცოთ, რომ ვისწავლეთ პარტიულ შეცდომებზე", - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს დღეს სჭირდება ლიდერები, რომლებიც ორიენტირებული არიან გამთლიანებაზე და არა გაყოფაზე, შერიგებაზე და არა მტრობაზე, შენებაზე და არა ნგრევაზე, ხალხის კეთილდღეობასა და არა ერთმანეთთან ქიშპობაზე. "სწორედ ეს იქნება ჩემი საპრეზიდენტო კამპანიის მთავარი მამოძრავებელი ღერძი - გამთლიანება, შერიგება, შენება და ხალხის კეთილდღეობა", – აღნიშნა "ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატმა.