უმრავლესობა საქართველოში ნაცრის იმპორტის საკითხზე მსჯელობს

უმრავლესობა საქართველოში ნაცრის იმპორტის საკითხზე მსჯელობს

საქართველოში ნაცრის იმპორტის დაშვების თაობაზე მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი პროექტი, მმართველ გუნდში დებატებისა და პოლემიკის საგანია. კანონპროექტი დღეს, რიგგარეშე სხდომაზე , მეორე მოსმენით კენჭისყრაზე გადის, თუმცა, დიდი ალბათობით, ზოგიერთი დეპუტატი უმრავლესობიდან მხარს არ დაუჭერს.

ქვეყნაში ე.წ. მძიმე ნაცრის იმპორტის დაშვებას "საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომლის ავტორი - ენერგეტიკის სამინისტრო, ხოლო ინიციატორი - მთავრობაა.

აღმასრულებლი ხელისუფლების ამ ინიციატივის წინააღმდეგია "მწვანეთა პარტიის" ლიდერი გია გაჩეჩილაძე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე და კიდევ რამდენიმე დეპუტატი უმრავლესობიდან. მათი არგუმენტი იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოში აქროლადი ნაცრის გარკვეული მარაგები არსებობს და მისი უცხო ქვეყნებიდან იმპორტი საჭირო არ არის. ოპონენტები იმაზეც მიანიშნებენ, რომ ბოლომდე გარკვეული არაა, ეს ნარჩენი ეკოლოგიურად საშიშია თუ - არა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განმარტა, რომ კანონპროექტი პარლამენტში მესამე თვეა განიხილება, პროექტი საფუძვლიანად გადამუშავდა და მოხდა იმ ნარჩენების ამოღება, რომლის იმპორტის განხორციელება ენერგეტიკის სამინისტროს სურდა.
"მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პროექტი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ არ უნდა განხილულიყო და მიმაჩნია, რომ ამ მხრივ პარლამენტის ბიურომ შეცდომა დაუშვა, კომიტეტმა ძალიან დიდი მოცულობის სამუშაო ჩაატარა. ბოლომდე შეფასდა ყველა რისკი. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროდან მოვიპოვეთ დასკვნა, რომ ნაცარი ნარჩენების მწვანე ნუსხას განეკუთვნება და მისი გამოყენება უვნებელია. მას მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იყენებენ. ენერგეტიკის სამინისტროს აქროლადი ნაცრის იმპორტი ესაჭიროება იმისთვის, რომ განახორციელოს რთული ჰიდრო-საინჟინრო ნაგებობების მშენებლობა – განსაკუთრებით დამბების", – განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ცაგარეიშვილმა.

სააგენტოს კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა, კალაძის უწყების მიერ მომზადებული პროექტის დღევანდელ კენჭისყრაზე "ჩავარდნა", ცაგარეიშვილმა განაცხადა, რომ "მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრებზე, წინა პარლამენტების წევრებისგან განსხვავებით, ზეწოლა არ ხორციელდება და დეპუტატები გადაწყვეტილებას თავისუფალ რეჟიმში იღებენ".

"საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს, პირველი მოსმენით 64-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღებას, სულ მცირე 56 დეპუტატის ხმა სჭირდება