"ექსპო ჯორჯიასთან" აქციის მონაწილეები უკვე იკრიბებიან

"ექსპო ჯორჯიასთან" აქციის მონაწილეები უკვე იკრიბებიან. ადგილზე იმყოფებიან "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის" ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე და სხვა პირები , რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" პრაიმერიზს გააპროტესტებენ.

როგორც ნანა კაკაბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელი აქციით ისინი სოლიდარობას უცხადებენ ყველა იმ ადამიანს, ვისი უფლებებიც დაირღვა წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში.

ამასთან, კაკაბაძე აპროტესტებს სამართალდამცველების მობილიზებას. მისი თქმით, მთელი ქალაქი არის პარალიზებული, ალყაშია მოქცეული და ბაზრიდან წამოსულ ხალხსაც კი არ უშვებენ საკუთარ სახლებში და სთხოვენ პირადობის მოწმობებს. ნანა კაკაბაძე ამ ფაქტს აპროტესტებს და აინტერესებს, "პოლიციელების თანხლებით უნდა იარონ "ნაციონალებმა" და მათი დაცვის ქვეშ დადგან შოუები?!".

აქციის მონაწილეებს თან აქვთ პლაკატები, რომლებიც უკვე გაშალეს "ექსპო ჯორჯიას" შესასვლელთან. "პრაიმერიზი ჩაატარეთ ციხეში", "ცოცხები, ცოცხები, ცოცხები ჩქარა", დოქსპულოებო, დედები გყავთ?!", – ასეთი შინაარსის პლაკატებია გამოფენილი "ექსპო ჯორჯაის" შესასვლელთან, სადაც დღეს "ნაციონალების" ბოლო, რიგით მეექვსე პრაიმერიზი გაიმართება.

აქციის მონაწილეები განლაგებულები არიან "ექსპო ჯორჯიას" ეზოს ორივე შესავლელში, თუმცა როგორც ნანა კაკაბაძე აცხადებს, ისინი გადაინაცვლებენ მეორე შესავლელთან, საიდანაც სავარაუდოდ შევლენ "ნაციონალები". ნანა კაკაბაძის თქმით, ისინი "ნაციონალების" მისვლისას საკუთარ პოზიციას დააფიქსირებენ.