ქუთაისის მერიასთან დაჭრილი პირი შსს-ს თანამშრომელია

ქუთაისის მერიასთან დაჭრილი პირი შსს-ს თანამშრომელია

ქუთაისის მერიასთან წუხელ, გვიან ღამით დაჭრილი პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ქუთაისში, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე ხულიგნობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს. დაკავებულნი არიან 1948 წელს დაბადებული აკაკი ნ. და 1989 წელს დაბადებული კონსტანტინე კ. მათ ზურგის არეში დანით დაჭრეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი.

ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც სამართალდამცველებმა შეამჩნიეს სამი პიროვნება, რომლებიც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ. მათ აღნიშნულ პირებს წარუდგინეს თავი, უთხრეს, რომ არიან შსს–ს თანამშრომლები და წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს.

შსს-ს განმარტებით, დამრღვევი პირები პოლიციის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ და სამართალდამცველების მისამართით დაიწყეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ინციდენტის დროს მათ დანით დაჭრეს შსს–ს თანამშრომელი. სამართალდამცველებმა აღნიშნული პირები შემთხვევის ადგილზე დააკავეს. დაჭრილი პოლიციელის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გამოძიება ხულიგნობის ფაქტზე მიმდინარეობს, რომელიც ჩადენილია ცეცხლსასროლი იარაღით ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით (სსსკ-ს 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით).