პრემიერი იპოთეკარების საკითხზე დღეს კოალიციის პოლიტსაბჭოს შეხვდება

პრემიერი იპოთეკარების საკითხზე დღეს კოალიციის პოლიტსაბჭოს შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დღეს "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" და კოალიციის პოლიტსაბჭოს წევრებს შეხვდება. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრები მედიისთვის დახურული იქნება. შეხვედრა ურეკში, ბიძინა ივანიშვილის აგარაკზე გაიმართება. პრემიერი 11.00 საათზე ჯერ პარტიის წევრებს შეხვდება, შემდეგ კი - კოალიციის პოლიტსაბჭოს.

გუშინ კი ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უმრავლესობასთან იპოთეკით დატვირთული ქონების შესახებ კანონპროექტის მოსმენების შეჩერების საკითხს დააყენებს. პრემიერის შეფასებით, ბორჯომის მაჟორიტარ დეპუტატ გედევან ფოფხაძის ინიციატივის განხილვისას პარლამენტი უპასუხისმგებლოდ მოიქცა. მისივე თქმით, აღნიშნული საკითხი მთავრობის მხრიდან არ იყო განხილული, პარლამენტმა მთავრობის პოზიცია არ გაითვალისწინა და გადაწყვეტილება პირველი მოსმენით მიიღო. ივანიშვილის შეფასებით, ბანკებთან შეუთანხმებლად მსგავსი კანონპროექტის მიღება აბსოლუტურად გაუაზრებელი ნაბიჯია.

"ამით არაფერი დაშავებულა. ვფიქრობ მოვახერხებ უმრავლესობას ავუხსნა, რომ ასე არ შეიძლება. არ შეიძლება ბიზნესთან შეუთანხმებლად ბიზნესს უკარნახო. ბანკებს იპოთეკური სესხები აქვთ გაცემული და შესაძლებელია ისინი დაზარალდნენ. ბანკებთან შეუთანხმებლად მსგავსი კანონპროექტის მიღება აბსოლუტურად გაუაზრებელი და აბსურდულია", - აღნიშნა გუშინ ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, იგი დღეს შეხვდება და დაარწმუნებს უმრავლესობას, რომ კანონპროექტზე მუშაობა არ გააგრძელონ. "თუ შეთანხმება მოხდება და ეს გასაგები იქნება ბიზნესსტრუქტურებისთვის, რომლებიც პროცესებში მონაწილეობენ და თანხები გასცეს, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება პარლამენტმა კანონპროექტს მხარი დაუჭიროს. ასე მოწყვეტილად განხილვა, რომ არც მთავრობას შეუთანხმო, არც ბიზნესს შეუთანხმო, ჩემი აზრით, ეს არის ზუსტად სიყმაწვილე პოლიტიკაში და ასეთი გადაწყვეტილებები ასე არ მიიღება. ძალიან სამწუხაროა, რომ დაჩქარებულად მათ მოახერხეს პირველი მოსმენით მიეღოთ კანონპროექტი", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და დასძინა, რომ დღეს "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საბჭოსა და კოალიციის საბჭოს წევრებს შეხვდება, სადაც მათ მკაცრად მიუთითებს, რომ "ასე არ შეიძლება".

სასესხო ან იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე აღსრულების მექანიზმების განხორციელება 1-ელ თებერვლამდე ჩერდება. ცვლილებები "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონში და "სამოქალაქო კოდექსში" შედის. პროექტის ავტორი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძეა. აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.