გიორგი კირთაძე ქობულეთის გამგებლის დაკავებას პოლიტიკურ აქტს უწოდებს

გიორგი კირთაძე ქობულეთის გამგებლის დაკავებას პოლიტიკურ აქტს უწოდებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი კირთაძე, ქობულეთის გამგებლის, თენგიზ ზოიძის დაკავებას პოლიტიკურ აქტს უწოდებს. როგორც პარტიის ბათუმის ორგანიზაციის ოფისში გიორგი კირთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ქობულეთის გამგებელს ბრალად სდებენ 2007 წელს მრავალსართულიანი კორპუსების არასწორად შეღებვის საქმეზე.
"2007 წელს ქობულეთში, რუსთაველისა და აღმაშენებლის ქუჩებზე მრავალსართულიანი კორპუსების შეღებვის საქმეზე დააკავეს. ბრალდება არის, რომ მან სამღებრო სამუშაოები არასწორად შეასრულა. ოფიციალურად მას უფლებამოსილების გადამეტება, ფულის გაფლანგვა და სამსახურებრივი გულგრილობა ედება ბრალად", - აღნიშნა გიორგი კირთაძემ.

მისივე თქმით, "ქართულმა ოცნებამ" საპრეზიდენტო არჩევნების წინ გადაწყვიტა, რომ თვითონ გააკონტროლოს ყველა ადგილობრივ თვითმმართველობაში სიტუაცია. გიორგი კირთაძე მიიჩნევს, რომ ქობულეთის მაჟორიტარმა "ქართული ოცნებიდან", ფატი ხალვაშმა ხალხს დაპირება შეუსრულა.

"ქართულ ოცნებას" არ უნდა ქობულეთის მუნიციპალიტეტში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდეს იმ გარემოში, სადაც თვითონ ვერ აკონტროლებს ადგილობრივ თვითმმართველობას და უმრავლესობაშია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". ეს არის პოლიტიკური აქტი, რომელიც ქობულეთში "ნაციონალურ მოძრაობას" მოუწყეს. ეს არის პრემიერ-მინისტრის და თეა წულუკიანის დაპირება წინასარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით?!", - აღნიშნა გიორგი კირთაძემ.

ქობულეთის გამგებელი თენგიზ ზოიძე გუშინ დააკავეს.