"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დღეს თბილისში შემაჯამებელ პრაიმერიზს გამართავს. როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს, რიგით მე-6, შემაჯამებელი პრაიმერიზის ფარგლებში პრეზიდენტობის კანდიდატობის 4 პრეტენდენტი – დავით ბაქრაძე, გიორგი ბარამიძე, ზურაბ ჯაფარიძე და შოთა მალაშხია დებატებს სხვადასხვა თემაზე გამართავენ.
"ეს პრაიმერიზი შემაჯამებელია, რის გამოც მასში მონაწილე კანდიდატებს დებატებისთვის კონკრეტული თემა არ ექნებათ და ისინი სხვადასხვა საკითხზე ისაუბრებენ", - აღნიშნავენ პარტიის პრესსამსახურში. მათივე განმარტებით, ღონისძიებას დელეგატები თბილისიდან, ასევე "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები დაესწრებიან.
დელეგატების რეგისტრაცია საგამოფენო ცენტრ "ექსპო-ჯორჯიაში" 14:00 საათზე, დებატები კი 15:00 საათზე დაიწყება.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" საპრეზიდენტო არჩევნებისთვის პარტიის ერთიანი კანდიდატის გამოსავლენად პრაიმერიზი 28 ივნისიდან გამოაცხადა. რეგიონული კონფერენციები გაიმართა იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმში, სამცხე-ჯავახეთში, შიდა ქართლში, მცხეთა – მთიანეთში, კახეთში, ქვემო ქართლში, გურიაში, სამეგრელო- ზემო სვანეთსა და აჭარაში.
პრაიმერიზში გამარჯვებული კანდიდატი, რომელიც რეგიონული კონფერენციებისა და ინტერნეტკენჭისყრის შედეგად ჯამში ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს, დღეს გამოცხადდება. პრაიმერიზში მონაწილე კანდიდატებს შორის ამ დროისთვის დავით ბაქრაძე ლიდერობს. აქამდე ჩატარებულ ხუთივე პრაიმერში მან გაიმარჯვა.
"ნაციონალური მოძრაობის" პრაიმერის ფონზე დღეს ოპოზიციური პარტია "თავისუფალი საქართველო", ასევე, არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს.