საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ იპოთეკით დატვირთული ქონების შესახებ კანონპროექტის განხილვისას პარლამენტი უპასუხისმგებლოდ მოიქცა. როგორც პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, აღნიშნული საკითხი მთავრობის მხრიდან არ იყო განხილული, პარლამენტმა მთავრობის პოზიცია არ გაითვალისწინა და გადაწყვეტილება პირველი მოსმენით მიიღო. ივანიშვილის შეფასებით, ბანკებთან შეუთანხმებლად მსგავსი კანონპროექტის მიღება აბსოლუტურად გაუაზრებელი ნაბიჯია.
"ამით არაფერი დაშავებულა. ვფიქრობ მოვახერხებ უმრავლესობას ავუხსნა, რომ ასე არ შეიძლება. არ შეიძლება ბიზნესთან შეუთანხმებლად ბიზნესს უკარნახო. ბანკებს იპოთეკური სესხები აქვთ გაცემული და შესაძლებელია ისინი დაზარალდნენ. ბანკებთან შეუთანხმებლად მსგავსი კანონპროექტის მიღება აბსოლუტურად გაუაზრებელი და აბსურდულია", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, იგი დღეს შეხვდება და დაარწმუნებს უმრავლესობას, რომ კანონპროექტზე მუშაობა არ გააგრძელონ. "თუ შეთანხმება მოხდება და ეს გასაგები იქნება ბიზნესსტრუქურებისთვის, რომლებიც პროცესებში მონაწილეობენ და თანხები გასცეს, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება პარლამენტმა კანონპროექტს მხარი დაუჭიროს. ასე მოწყვეტილად განხილვა, რომ არც მთავრობას შეუთანხმო, არც ბიზნესს შეუთანხმო, ჩემი აზრით, ეს არის ზუსტად სიყმაწვილე პოლიტიკაში და ასეთი გადაწყვეტილებები ასე არ მიიღება. ძალიან სამწუხაროა, რომ დაჩქარებულად მათ მოახერხეს პირველი მოსმენით მიეღოთ კანონპროექტი", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და დასძინა, რომ დღეს "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საბჭოსა და კოალიციის საბჭოს წევრებს შეხვდება, სადაც მათ მკაცრად მიუთითებს, რომ "ასე არ შეიძლება".
სასესხო ან იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე აღსრულების მექანიზმების განხორციელება 1-ელ თებერვლამდე ჩერდება. ცვლილებები "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონში და "სამოქალაქო კოდექსში" შედის. პროექტის ავტორი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძეა. აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.