ასლან აბაშიძე შვილებთან ერთად საქართველოს პატრიარქს შეხვდა

ასლან აბაშიძე შვილებთან ერთად საქართველოს პატრიარქს შეხვდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე რუსეთის ფედერაციაში ვიზიტის დროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილ მეთაურს ასლან აბაშიძეს, მის შვილს ბათუმის ყოფილ მერს გიორგი აბაშიძესა და ასლან აბაშიძის ქალიშვილს დიანა აბაშიძეს შეხვდა.

აღნიშნულ ინფორმაციასა და შეხვედრის ამსახველ ფოტომასალას "პირველი რადიო" ავრცელებს.

როგორც "პირველი რადიო" იუწყება, აბაშიძეები საქართველოს კათილოკოს-პატრიარქს იმ რეზიდენციაში თავად ესტუმრნენ, სადაც უწმინდესი ცხოვრობს.

ასევე "პირველი რადიოს" ინფორმაციით, ბათუმის ყოფილი მერი და ასლან აბაშიძის ვაჟი გიორგი აბაშიძე საქართველოში ბრუნდება.

"საქართველო ჩემი სამშობლოა, რომელიც ყველაზე ძალიან მიყვარს, ქართველი ვარ სულით და ხორცით. ძალიან მინდა, რომ ჩამოვიდე სულ და ბათუმში საცხოვრებლად დავბრუნდე", - აცხადებს აბაშიძე.

კითხვაზე, ხომ არ დაბრუნდება ოჯახთან ერთად საქართველოში ასლან აბაშიძეც გიორგი აბაშიძე ამბობს, რომ მამის ნაცვლად ამ კითხვას ვერ უპასუხებს.

გიორგი აბაშიძის თქმით, მისი ოჯახი ევროსასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია. სტრასბურგში ასლან აბაშიძის ოჯახმა წინა ხელისუფლების მიერ მისი კუთვნილი ქონების უკანონოდ ჩამორთმევა და აღძრული სისხლის სამართლის საქმეები გაასაჩივრა.

გიორგი აბაშიძემ ჯერ არ იცის ჩამოვა თუ არა ბათუმობის დღესასწაულზე მშობიულ ქალაქში, მისი თქმით, ოფიციალური მოწვევა ჯერ არ მიუღია.