გიორგი ვოლსკი - თუ ვინ იქნება აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ უნდა გადაწყვიტოს

გიორგი ვოლსკი - თუ ვინ იქნება აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ უნდა გადაწყვიტოს

უმრავლესობის წარმომადგენელ გიორგი ვოლსკის მტკიცებით, "პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ვახტანგ ყოლბაიას ყოფნას არანაირად არ უკავშირდება". როგორც დეპუტატმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, თუ ვინ იქნება აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ უნდა გადაწყვიტოს.

საუბარია პარლამენტის მიერ "ნორმატიული აქტების შესახებ" კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე, რომელსაც პრეზიდენტის ვეტო ადევს. კანონპროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტების მიღებისა და ხელმოწერის წესს განსაზღვრავს. როგორც უმცირესობა განმარტავს, კანონპროექტს პოლიტიკური ფაბულა გააჩნია, რაც თავის მხრივ აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე ვახტანგ ყოლბაიას დანიშვნაში მდგომარეობს.

ოპოზიციის აღნიშნულ განცხადებას გიორგი ვოლსკი "დემაგოგიურს" უწოდებს. "პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი ერთადერთ მიზანს ემსახურება: – აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ შეძლოს მუშაობის ისე გაგრძელება, რომ გაუგებარ სტრუქტურებს მათ გადაწყვეტილებებზე ვეტოს დადების უფლება არ ჰქონდეთ. კანონპროექტს არანაირი კავშირი არც ვახტანგ ყოლბაიასთან და არც ერთ სხვა კონკრეტულ პირთან არ აქვს. ის, თუ ვინ იქნება აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ უნდა გადაწყვიტოს. დღეს უმაღლეს საბჭოს ამის შესაძლებლობა არ აქვს და უნდა მიეცეს საშუალება, იმუშაოს და გადაწყვიტოს თვითონ", – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

"ნორმატიული აქტების შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის საკითხზე პარლამენტში დღეს იმსჯელეს. კენჭისყრა სესიის ჩაშლის გამო არ შედგა. ეს პროცესი ხვალ გაიმართება - უმრავლესობა ვეტოს დაძლევისთვის ემზადება.