საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლების წარმომადგენლებს ნეპოტიზმისგან თავის შეკავების შესახებ აფრთხილებს. "კითხვები არსებობს. სახელდება რეგიონები, შემიძლია ხმამაღლაც მივანიშნო – დასახელდა მესტია, კონკრეტული პიროვნებაც. ის მინიშნებას გაიგებს და კონკრეტულად არ ვიტყვი, რამეთუ ჯერ მხოლოდ კითხვები არსებობს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია "აჭარასთან" საუბარში, თუმცა აქვე განმარტა, რომ ტოტალურად არ მიმდინარეობს თანამდებობის პირების მიერ საკუთარი ნათესავების დასაქმება.
გარდა ამისა, პრემიერის თქმით, კითხვები სხვა მიმართულებითაც არსებობს და მათ შორის ისინი მაჟორიტარ დეპუტატებს უკავშირდება. "ვაფრთხილებ ყველას, კონკრეტულ დეპუტატებსაც ვესაუბრე და გავაფრთხილე. განსაკუთრებული პრობლემაა მაჟორიტარების შემთხვევაში _ მათ ნუ აქვთ წარმოდგენა, რომ ისინი ფეოდალებად აირჩიეს. კოალიციის ზოგიერთ წევრს მივმართავ, ყურადღებით მოეკიდონ ჩემს განცხადებას. არავის ჩაუბარებია მათთვის რეგიონი იმისთვის, რომ თავად დანიშნონ და აკონტროლონ. მაჟორიტარ დეპუტატებს აქვთ თავიანთი ფუნქციები და კეთილი ინებონ და ის განახორციელონ", - აღნიშნა პრემიერმა.
საერთო ჯამში, ბიძინა ივანიშვილის თქმით, შეცდომები, გადაცდომები არსებობს, მაგრამ დაბალანსებას ახერხებენ.