"ქართული ოცნება" კოალიციურ რეჟიმში დარჩენას მომავალი საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით აპირებს, - ამის შესახებ ტელეკომპანია "აჭარასთან" ინტერვიუში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
"კოალიცია აპირებს დარჩეს კოალიციულ რეჟიმში საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით. ამაზე კოალიციის საბჭოს რამდენიმე სხდომაზე ვისაუბრეთ კიდეც. ვერ ვხედავ ვერც ერთ პარტიას საპირისპირო განწყობით. ვფიქრობ, კოალიცია საკმაოდ შეკრულია. ჯერ არავითარი საფრთხე არ არსებობს იმის, რომ კოალიცია დაიშალოს. ეს ოდესმე მოხდება, თუმცა არც ამაში იქნება რაიმე ტრაგიკული", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
გარდა ამისა, პრემიერი საპრეზიდენტო არჩევნების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ქართველი ხალხის არჩევანის შემთხვევაში მზადაა "ნებისმიერ მოცემულობას" შეეგუოს.
"ნებისმიერ მოცემულობას უნდა შევეგუოთ. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ქართველი ხალხი ირჩევს. ნებისმიერი კანდიდატი, რომელსაც აირჩევს ქართველი ხალხი ჩვენთვის მისაღები იქნება. მთავარია, ეს ბრძოლა იყოს წესიერი, გამჭვირვალე და არავის დარჩეს განცდა, რომ არ ჰქონდა თანაბარ პირობებში კამპანიის განხორციელების საშუალება", - აღნიშნა პრემიერმა.