სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, "პრემიერმა არაპოლიტიკური შეფასებები გააკეთა, რომლებიც პიროვნულად ალბათ, დამამცირებელია და სინამდვილეში ბოლომდე მართალი არ არის".
ამის შესახებ ზურაბიშვილი "facebook" საკუთარ გვერდზე წერს.
"პრემიერ-მინისტრმა თავისი გუშინდელი განცხადებით ჩემი და საზოგადოების მთავარი პოლიტიკური კითხვა უპასუხოდ დატოვა: ანუ ის გარანტიას გვაძლევს, რომ რეალურად ჩატარდება საქართველოში თავისუფალი საპრეზიდენტო არჩევნები თუ არა? და რამდენად იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ დაცული იქნება ჩემი კანონიერი უფლება ძველი ტიპის ხელოვნური პოლიტიკური შეზღუდვებისგან?! სამაგიეროდ, პოლიტიკურ კითხვებზე პასუხის ნაცვლად, პრემიერმა გააკეთა არაპოლიტიკური შეფასებები, რომლებიც პიროვნულად ალბათ, დამამცირებელია და სინამდვილეში ბოლომდე მართალი არ არის. (საზოგადოებამ განსაჯოს: "ვითხოვდი გუნდის წევრობას, და არ მიმიღეს, რადგან არაგუნდური ვარ" თუ თავიდანვე გუნდს ვუჭერდი მხარს ყველა შესაძლო მომენტში?! და ასე შემდეგ...). არ არის მოსაწონი, როდესაც პრემიერი პიროვნული საკითხების წინ წამოწევით ცდილობს პრეზიდენტობის კანდიდატის პოლიტიკური მიზანშეწონილობა გადაფაროს (რაც ერთხელ უკვე ვნახეთ სხვა კანდიდატის შემთხვევაში). ჩემი მხრიდანაც არ იქნება სწორი, რომ პრემიერთან შევიდე პიროვნულ გარჩევებში და გავიხსენო ჩვენი საუბრის წვრილმანები, ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ საზოგადოების მთავარ კითხვას, ჩატარდება თუ არა ქვეყანაში სამართლიანი და პოლიტიკური ზეწოლისგან თავისუფალი არჩევნები?", - წერს ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გუშინ ჟურნალისტებთან სალომე ზურაბიშვილთან რამდენიმე შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "სალომე ზურაბიშვილი "ქართულმა ოცნებამ" გუნდურობის პრობლემის გამო დაიწუნა".