ირაკლი შიხიაშვილი:  ჩვენ გვინდა სწორი და სამართლიანი კომუნიკაცია მერთან

ირაკლი შიხიაშვილი: ჩვენ გვინდა სწორი და სამართლიანი კომუნიკაცია მერთან

ახლად არჩეული თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი დედაქალაქის მერს, გიგი უგულავას მიმართავს. 

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას საკრებულოს ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ განაცხადა, იგი მიმართავს თბილისის მერს, რომ თბილისის საკრებულო იქნება მაქსიმალურად კანონიერების ფარგლებში მოქმედი და ვინმესთან რაიმე ანგარიშსწორება და დაპირისპირება არ გააჩნია.

"ჩვენ გვინდა სწორი და სამართლიანი კომუნიკაცია მერთან, რათა ჩვენი თანამშრომლობის შედეგად უფრო უკეთესად განვითარდეს თბილისელების მომავალი. ეს დედაქალაქის მერსაც ევალება და ჩვენც, საკრებულოს წევრებს, ვინაიდან ორივე ქალაქის მოსახლეობამ აგვირჩია", - აღნიშნა ირაკლი შიხიაშვილმა.

მისი თქმით, დღეს საკრებულოში ახალი რეალობაა და ფიქრობს, რომ დედაქალაქის მერს არ უნდა ჰქონდეს პრობლემა, საკრებულოსთან სრულყოფილი კომუნიკაცია დაამყაროს.

"მოგვწონს ვინმე, თუ არ მოგვწონს, ჩვენს პირად გემოვნებაზე თბილისში განვითარებული მოვლენები არ უნდა იყოს დამოკიდებული. წინ ყოველთვის უნდა იდგეს ის პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რომელიც ქალაქის წინაშე მასაც და ჩვენც გვაკისრია", - აღნიშნა ირაკლი შიხიაშვილმა. მისივე თქმით, აგვისტოში შესაძლოა საკრებულომ რამდენიმე რიგგარეშე სხდომა ჩაატაროს, რადგან ბევრი საკითხია ფორსირებულად დაგროვილი, შემდეგ კი დედაქალაქის თვითმმართველობის ორგანო ჩვეულ რეჟიმში ჩაატარებს საკრებულოს სხდომებს.