სახალხო დამცველი მოშიმშილე პატიმრებს შეხვდა. სახალხო დამცველის ოფისის ინფორმაციით, დღეს საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი სასჯელაღსრულების #17-ე დაწესებულებაში მოშიმშილე მსჯავრდებულებს შეხვდა.
სახალხო დამცველმა ოისმინა პატიმართა პრობლემები და გაეცნო მათ მოთხოვნებს. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ აუცილებელია დაჩქარდეს სისხლის სამართლის საქმეების გადახედვის პროცესი, მართლმსაჯულების ხარვეზის დამდგენი კომისიის შექმნის გაჭიანურება უარყოფითად მოქმედებს არაერთი მსჯავრდებულის მდგომარეობაზე. სახალხო დამცველის აზრით, აუცილებელია რაიმე მექანიზმის შექმნა, რომელიც რეაგირებას მოახდენს პატიმართა საჩივრებზე, განსაკუთრებით მწვავედ დგას იმ პატიმრების საკითხი, ვისაც ბრალი არ უღიარებია და თავს უდანაშაულოდ და უკანონო პატიმრად მიიჩნევს. შეკრებითობის პრინციპის გაუქმების საფუძველზე მსჯავრდებულთა მცირე ნაწილს შეუმცირდა სასჯელის ზომა, თუმცა ხშირ შემთხვევაში გაუგებარია სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველი. არაერთი პატიმარი პირობით ვადამდელ გათავისუფლებას ითხოვს.
ავადმყოფობის გამო სასჯელის გადავადებას ითხოვს ასევე რამდენიმე პატიმარი. სახალხო დამცველის აზრით, ბევრი მსჯავრდებული უკანონობის, მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის მსხვერპლი გახდა და სახელმწიფომ უნდა იზრუნოს მათ რეაბილიტაციაზე. წამებისა და ცუდი მოპყრობის არაერთი მსხვერპლი დღეს სათანადო ყურადღების და მკურნალობის გარეშეა დარჩენილი და ყველა სახელმწიფო უწყებამ უნდა იზრუნოს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
ზემოთ აღნიშნულ პრობლემებთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველი, უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, შესაბამისი წინადადებებით სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებს მიმართავს.