მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში მყოფი კახაბერ ბარათაშვილის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ მისი უფლებების დამცველმა ადვოკატმა, კახაბერ მუმლაძემ არაფერი იცის. ამის შესახებ თავად ადვოკატმა გვითხრა.
შეგახსენებთ, რომ 29 ნოემბერს გამოვაქვეყნეთ მასალა სათაურით “პალატიდან საავადმყოფოს მორგში ჩაიყვანეს, სასტიკად სცემეს. თან ვედრებით წყალს ასხამდნენ, გაუპატიურებით ემუქრებოდნენ“. ამ მასალაში აღნიშნული იყო, რომ 30 ნოემბერს მსჯავრდებულ ბარათაშვილის მოსანახულებლად უნდა შესულიყვნენ სახალხო დამცველის აპარატის და “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლები.
“ობიექტივი“ 1 დეკემბერს მსჯავრდებულის ადვოკატს ტელეფონით დაუკავშირდა და მისი დაცვის ქვეშ მყოფის მდგომარეობით დაინტერესდა.
ადვოკატი კახაბერ მუმლაძე ბარათაშვილს 2009 წლიდან იცავს. მისი განმარტებით, კახაბერ ბარათაშვილი 2004 წლის 31 დეკემბრიდან იხდის სასჯელს და გათავისუფლებამდე ერთი წელი აქვს დარჩენილი.
რა მდგომარეობაში ამჟამად კახაბერ ბარათაშვილი?
კახაბერ მუმლაძე: მისი ამჟამინდელი მდგომარეობა ჩვენთვის უცნობია. იგი 30 ნოემბერს, დილით, საოპერაციოში შეყვანის წინ ვნახე - ინვალიდის ეტლით შემოიყვანეს. მან განმიმარტა, რომ 29 ნოემბერს, ღამით კვლავ სცემეს და გააფრთხილეს, რომ ეს გააკეთეს პროფილაქტიკის მიზნით, ბევრი, რომ არ ილაპარაკოს. უთხრეს ისიც, რომ თუ მისი ადვოკატი (ესე იგი მე) ყვირილს გავაგრძელებ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს გვერდით მიმიჯენენ. პატიმარს ხელმეორედ, იძულებით დააწერინეს ახსნა-განმარტება, იმის შესახებ, რომ სხეულზე არსებული დაზიანებები, გაუსაძლისი ტკივილის გამო თავად მიიყენა.
საოპერაციოში შესვლამდე ექიმ-უროლოგ ზურაბ ცაცაშვილს საქმის ვითარება გავაცანი - ვუთხარი რომ პაციენტი ნაწამები იყო და თუ მას რაიმე დაუზიანდებოდა, ან კვალის დაფარვის მიზნით მისი სიცოცხლის ხელყოფა მოხდებოდა, პასუხისმგებლობა მას შეიძლებოდა დაკისრებოდა.
რა ტიპის დაზიანებები აღენიშნება მსჯავრდებულს?
-შუბლზე და თავზე ჭრილობები; თავის ქალა, კისერი, გვერდი, მხრები და მუცლის არე გადატყაული აქვს. 28-ში ღამით მორგში ჩაიყვანეს, გააშიშველს, გაკოჭს, ბეტონზე დააგდეს, ზედ წყალს ასხამდნენ და თან სცემდნენ. მანამდე ის ერთადერთს ითხოვდა - ექიმის მიყვანას, რადგან გაუსაძლისი ტკივილი ჰქონდა და სამედიცინო დახმარების აღმოჩენის ნაცვლად აწამეს.
რისი ოპერაცია გაუკეთეს პატიმარს?
-თირკმელიდან 2-სანტიმეტრიანი კენჭი და პატარა ქვები ამოუღეს.
მიეცით თუ არა სამართლებრივი მსვლელობა წამების ფაქტს?
-30 ნოემბერს პატიმრის ნაამბობზე დაყრდნობით წერილობით მივმართე სახალხო დამცველს. პატიმრის ოჯახმა იმავე დღეს წერილობით მიმართა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ლაშა თორდიას.
შეხვდნენ პატიმარს სახალხო დამცველისა და “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლები?
-ოპერაციაზე გაგვყავსო და არ შეუშვეს. საღამოს ხუთის ნახევრამდე ველოდებოდით, მაგრამ ბოლოს ადმინისტრაციის წარმომადგენელმა გვითხრა - “რეანიმაციაშია და მისი ნახვა შეუძლებელიაო“. 1 დეკემბერს მივედი და ისევ არ მომცეს პატიმართან შეხვედრის საშუალება, რეანიმაციაშიაო.
ექიმს ესაუბრეთ?
-არც ამის საშუალება მომცეს. 30 ნოემბერს, როცა პატიმარი ჩემთან შეხვედრის შემდეგ, ინვალიდის ეტლით საოპერაციოსკენ მიჰყავდათ, ერთ-ერთი იმათთაგანი ამოიცნო, ვინც მის წამებაში მონაწილოება მიიღო. ეს არის ზვიად გრიგალაშვილი - მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების დირექტორის მოადგილე.
პატიმარს გაუპატიურებით ემუქრებოდა უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გიორგი ავსაჯანიშვილი. ეს მუქარა მას შემდეგ წამოვიდა, რაც პატიმარმა უარი თქვა ახსნა-განმარტების დაწერაზე, რომ თითქოს დაზიანებები თავად მიიყენა. როგორც პატიმარმა მითხრა, უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა შარვალი ჩაიხადა, მაგრამ მეორე ოფიცერმა გააჩერა და უთხრა, რომ “არ გინდა ახლა ჩვენს “სმენაში“ პრობლემებიო“.
აქამდე ავადმყოფობდა თუ არა კახაბერ ბარათაშვილი?
-აქამდე პატიმარს საერთოდ არაფერი წამოსტკივებია. სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანამდე იგი იმყოფებოდა რუსთავის N17 დაწესებულებაში, რომლის დირექციის და მედპერსონალის წარმომადგენლებს ემადლიერება, იმის გამო, რომ გულთან ახლოს მიიტანეს პატიმრის გასაჭირი - მას კენჭის გავლის გამო გაუსაძლისი ტკივილები ჰქონდა და შუაღამისას, სასწრაფო დახმარების მანქანით გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მას თურმე წამება ელოდა.
30 ნოემბერს მოვითხოვეთ ადმინისტრაციის რომელიმე წარმომადგენელთან დალაპარაკება, რომ მდგომარეობა გაგვეგო. ამაზე გვიპასუხეს, რომ ოფიციალურად, წერილობით, ფოსტის საშუალებით მიგვემართა და ასე გაგვეგო პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ანუ განც ხადებასაც არ იტოვებენ და ფოსტით გაგზავნას ითხოვენ.
ამგვარი წერილობითი ფორმით “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ 1 დეკემბერს მიმართა, მაგრამ პასუხს ალბათ მომავალ კვირამდე ვერ გავიგებთ, რადგან წინ შაბათ-კვირაა. პატიმარს ოჯახი ჰყავს, ისინი ნერვიულობენ. არ ვიცით რა მდგომარეობაშია ნაწამები და ნაოპერაციები კაცი.
1580
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85