“BBC 6 Music”-ის ცნობით, ბრიტანული ჯგუფი “Pil”(Public Image Limited) უახლოეს მომავალში ახალი ალბომის ჩაწერას შეუდგება.
ეს ნამუშევარი ჯგუფისათვის უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში პირველი იქნება. მისი სახელწოდებაა “This is Pil” და მასში 12 კომპოზიცია იქნება წარმოდგენილი. ჯგუფის ლიდერის ჯონ ლაიდონის განცხადებით, ახალი ალბომი დღის სინათლეს 2012 წლის ზაფხულში იხილავს.
ჯგუფი “Pil” 1978 წელს ქალაქ ლონდონში “Sex Pistols”-ის ყოფილმა ვოკალისტმა ჯონი როტენმა (იგივე ჯონ ლაიდონი) ჩამოაყალიბა. ჯგუფმა არსებობის განმავლობაში რვა სტუდიური ჩანაწერი გამოუშვა.
1992 წლის თებერვალში ჯგუფმა გამოსცა ალბომი “That What Is Not”. ორი თვის შემდეგ “Pil” დაიშალა. 2009 წელს ჯონ ლაიდონმა ჯგუფი ხელახლა ააღორძინა.
სცენიდან დიდი ხნით გაუჩინარების მიზეზი ლაიდონმა იმით ახსნა, რომ გარკვეულ ფინანსურ სიძნელეებს განიცდიდა.
“ყველა ფიქრობს, რომ რადგან “Sex Pistols”-ის წევრი გახლდით მილიონერი ვიყავი. სამწუხაროდ ეს სიმართლეს არ შეეფერება. ამისი ნათელი დადასტურებაა, რომ “Pil”-ის ასაღორძინებლად საჭირო თანხას არაერთი წლის განმავლობაში ვაგროვებდი.” –განუცხადა ბრიტანელ ჟურნალისტებს ჯონ ლაიდონმა.