სწორედ მაშინ, როდესაც საქართველო, რომელმაც ბოლო ოცი წლის განამავლობაში სამოქალაქო ომი, რევოლუცია და რუსეთთან სამხედრო კონფლიქტიც კი გამოიარა, ნორმალურ ადგილს ემსგავსებოდა და მისი პოლიტიკა მოსაწყენიც კი ხდებოდა, ქვეყნის ყველაზე მდიდარი და იდუმალებით მოცული ადამიანი ხმაურით გამოვიდა პოლიტიკურ ავანსცენაზე.
ბიძინა ივანიშვილი, რომლის 5.5 მილიარდ დოლარიანი ქონება საქართველოს ერთ წლის ბიუჯეტსაც შეავსებდა და კიდევ ხურდაც დარჩებოდა, აცხადებს, რომ დადგა დრო მიხეილ სააკაშვილის “ავტორიტარულ” მმართველობას ბოლო მოეღოს. მოქმედი პრეზიდენტის მეორე და საბოლოო ვადა 2013 წელს იწურება.
ქართულ სოფელში დაბადებულმა ივანიშვილმა ქონება რუსეთეში დააგროვა, კაპიტალი საბანკო, სასტუმრო და სამთო ბიზნესით დააგროვა. 2003 წელს ის საქართველოში დაბრუნდა.
სამშობლოში ის ფარულ ქველმოქმედებას ეწეოდა. მსახიობებს ხელფასებს უხდიდა, ეკლესიებს და მუზეუმებს რესტავრაციას უკეთებდა. მან ქვეყნის ყველაზე დიდი საკათედრო ტაძარი ააშენა. მთის მწვერვალზე წამოჭიმულ მის ციხე-სიმაგრეს, რომელსაც არც ვერტმფრენის ასაფრენი მოედანი აკლია და პატარა ჩანჩქერიც კი აქვს, პირადი დაცვის მცირე არმია იცავს ისე, თითქოს ის ჯეიმს ბონდზე გადაღებული ფილმის პერსონაჟია.
ივანიშნილს საქართველოში ისეთი დემოკრატიის დამკვიდრება უნდა, რომელიც ”მსოფლიოს გააოცებს”, მაგრამ მისი მოტივები ბუნდოვანია: მიილტვის ის ძალაუფლებისკენ? იქნებ კრემლის შიში (ან იქნებ მხარდაჭერა) ამოძრავებს? თუ მას მართლაც კარგი უნდა სამშობლოსათვის? ”შვილი დამემუქრა, შენ თუ არ მოხვალ პოლიტიკაში მე მოვალო” მას შემდეგ რაც ივანიშვილმა ოპოზიცია ”შეისწავლა” მის ”უუნარობაში” დარწმუნდა. თუმცა ოპოზიციის ყოფილი ლიდერებისგან დახმარებასაც ელოდა, მათ შორის ირაკლი ალასანიასგან, საქართველოს ყოფილი ელჩისგან გაეროში.
ივანიშვილი საქართველოზე ისე ლაპარაკობს, თითქოს ეს სარისკო კაპიტალდაბანდება იყოს, რომელსაც ერთი-ორი წლით სათავეში ჩაუდგება, დამოუკიდებელ სასამართლოს, თავისუფალ პრესას დაამკვიდრებს და კარგ მენეჯერებს დაასაქმებს. ”ამ საქმეს ისე უყურებს, როგორც კონკურენტი კომპანიის დაუფლებას” ამბობს, ბიზნესმენი და რეფორმატორი კახა ბენდუქიძე. ივანიშვილის მთავარი მიზანი მსოფლიოში სააკაშვილის რეპუტაციის შელახვაა. ”რეალურად ის არავის მოსწონს არც ევროპაში და არც ამერიკაში. აი ნახავთ, დასავლეთიდან მხარდაჭერა ორ-სამ თვეში აღარ ექნება.”
ივანიშვილი გმობს 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებულ აგრესიას სეპარატისტული (და როგორც ამ ბოლო დროს არჩევნებმა გვაჩვენა კვლავაც პრობლემური) რეგიონების, სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის გამო, მაგრამ ომის დაწყებაში სააკაშვილს ადანაშაულებს. რუსეთის პრემიერ-მინისტრზე, ვლადიმერ პუტინზე ლაპარაკისას ივანიშვილი ფრთხილობს. იგი აცხადებს, რომ საქართველო რუსეთზე ბევრად უფრო ნაკლებად დემოკრატიული ქვეყანაა და მეზობლის დამოძღვრის უფლება არ აქვს. დასავლეთთან დაკავშირებით კი ამბობს – ”არავის არ უნდა რუსეთი საქართველოს გამო გადაიკიდოს”.
სააკაშვილი უფრო რეფორმატორია, ვიდრე დემოკრატი. საქართველოს სასამართლოს თავისუფლება აკლია, პოლიცია პოლიტიზირებულია, პარლამენტი მთავრობის ნების შემსრულებელია, ბუნდოვანია ვის ეკუთვნის მედია საშუალებები და მთავრობაც არატოლერანტულია კრიტიკის მიმართ. მარგამ სააკაშვილმა არშემდგარი სახელმწიფო აქცია თანამედროვე ქვეყანად, რომელსაც ლიბერალური ეკონომიკა და ძლიერი საკრედიტო რეიტინგი აქვს. თავის მოწინააღმდეგეს მშვიდად უყურებს და ამბობს, ”ივანიშვილი ჩვენთვის კარგიცაა, ფორმას არ დაგვაკარგვინებს”. დამკვირვებლებიც ადასტურებენ, რომ საქართველოს პოლიტიკას მეტი კონკურენცია სჭირდება, მაგრამ ახალი აჯანყება არ აწყობს.
ივანიშვილი აცხადებს რომ მომავლ წელს, არჩევნებზე პარლამენტში უმრავლესობით ”ნამდვილად” მოვა. მას პრემიერ-მინისტრობაზე უჭირავს თვალი, თუმცა მისი პოპულარობა რეიტინგის მიხედვით მხოლოდ 17%-ს აღწევს, სააკაშვილის პარტიას კი 42% აქვს. თავად სააკაშვილის საქმიანობის რეიტინგი კი კიდევ უფრო მაღალია. მთავრობა დარწმუნებულია იმაში, რომ ივანიშვილი ხმების უმრავლესობას ვერ წაართმევს, მაგრამ შიშობს, რომ არჩევნების შედეგებზე ქუჩაში ატეხავს დავას. ივანიშვილი მტკიცედ იმეორებს, რომ რევოლუციის სურვილი არ აქვს, მაგრამ აზრის შეცვლა ახასიათებს. სულ ცოტა ხნის წინ ის პარლამენტში სააკაშვილის იმპიჩმენტს ითხოვდა. ახლა კი ამბობს ”პრინციპში არა მგონია იმპიჩმენტი მოვინდომო”. იშვიათად ლაპარაკობს იმაზე, თუ რა უნდა რიგით ქართველს.
ივანიშვილის მთავარი მიმზიდველობა სიმდიდრეშია. არის იმის საფრთხე, რომ საქართველო მასში ახალ მხსნელს დაინახავს. ინტელიგენციის და გავლენის მქონე ქართული ეკლესიის მხრიდან მას მხარდაჭერა აქვს. ყველაზე დიდ რისკს მისი გამოწვევა კი არ წარმოადგენს არამედ ის, პასუხი, რომლის პროვოცირებაც შეიძლება მან მოახდინოს. საქართველოს მთავრობამ საბაბი გამონახა და ივანიშვილს (და მის მეუღლეს) მოქალაქეობა ჩამოართვა. მისი ბანკიდან კი მილიონობით დოლარის კონფისკაცია განხორციელდა. ყველაფერს ამას დევნის და პანიკის ელფერი აქვს. საკითხავი ისაა, რა მოხდება მას შემდეგ რაც სააკაშვილის ვადა ამოიწურება. ივანიშვილი ამბობს, რომ საქართველოს კონსტიტუციური ცვლილება, რომელიც საპრეზიდენტო მმართველობას საპარლამენტოთი ცვლის იმის ნიშანია, რომ სააკაშვილს ხელისუფლებაში დარჩენა პრემიერ-მინისტრის პოსტის მეშვეობით უნდა.
სააკაშვილის საქციელი ჯერ არ მიუნიშნებს იმაზე, რომ რუსეთის და პუტინის მაგალითის გამეორებას აპირებს, რადგან მან იცის, რომ ეს მის რეპუტაციას და მემკვიდრეობას გაანადგურებს. ”მისთვის ის უფრო მნიშვნელოვანია თუ როგორი იქნება საქართველო მისი მმართველობის შემდეგ, ვიდრე ის, თუ პირადად თვითონ რას გააკეთებს”, ამბობს გიგა ბოკერია, პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხობის საკითხებში. მაგრამ სააკაშვილის მემკვიდრეობა მისი კურსის და გუნდის დარჩენაზეა დამოკიდებული, შესაბამისად ამისათვის ივანიშვილის გაჩერებაა საჭირო. მომავალი ორი წელი შეიძლება სულაც არ აღმოჩნდეს მოსაწყენი.
foreignpress.ge
880
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85