“ქართული აკადემიის”  გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

“ქართული აკადემიის” გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

  

ახალი პოლიტიკური რეალობით შეშფოთებული ნაციონალური ხელისუფლება, სრულიად აშკარაა, მისთვის დამახასიათებელი ძალადობრივი მეთოდებით ცდილობს საქართველოში გამოხატვის თავისუფლების საბოლოო ჩახშობასა და თავისუფალი მედიის განადგურებას. ამაზე მიუთითებს თბილისის მერიის გადაწყვეტილება ქალაქში პრესის ჯიხურების აღების შესახებ, რამაც საზოგადოების სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია.

ამავე კონტექსტში უნდა განვიხილოთ ტელეკომპანია “მაესტროს” გარშემო განვითარებული მოვლენებიც. ხელისუფლებას, როგორც ჩანს, აღარ აკმაყოფილებს სახელისუფლებო ინსტრუმენტებად ქცეული ე. წ. ნაციონალური არხების აღვირახსნილი პროპაგანდა და სურს, სატელევიზიო სივრცეში აქა-იქ შემორჩენილი თავისუფალი ტელეკომპანიების “გაუვნებელყოფა”.

ჩვენ ჯერჯერობით ვერ შევალთ იმის განსჯაში, ეროსი კიწმარიშვილის მიერ “მაესტროზე” განხორციელებული “შტურმი” შეთანხმებულია თუ არა ხელისუფლებასთან, მაგრამ უდავოა, რომ მისი ეს საქციელი სრულ უნისონშია ხელისუფლების მიზნებსა და ამოცანებთან. ამაზე კიწმარიშვილისა და პოლიციის კოორდინირებული მოქმედებაც მეტყველებს.

“ქართული აკადემია” მიიჩნევს, რომ “მაესტროს” ჟურნალისტების, ქართული საზოგადოების, ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის ინტერესებიდან გამომდინარე, მოდავე მხარეებმა დაუყოვნებლად უნდა დატოვონ ტელეკომპანიის შენობა, საკუთარი უთანხმოება გადაწყვიტონ მოლაპარაკების მაგიდასთან, ხოლო ტელეარხს მისცენ ნორმალური ფუნქციონირების საშუალება.