ნინო ბურჯანაძე სასამართლოში სასულიერო პირების მხარდასაჭერად მივიდა

ნინო ბურჯანაძე სასამართლოში სასულიერო პირების მხარდასაჭერად მივიდა

სასულიერო პირების სასამართლო პროცესის დაწყებამდე, თბილისის საქალაქო სასამართლოში "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი, საპრეზიდენტი კანდიდატი, ნინო ბურჯანაძე მივიდა. 

როგორც ბურჯანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, იგი პროცესს არ დაესწრება, რათაA ეს ქმედება სასამართლოზე ზეწოლად არ ჩაეთვალოს, თუმცა სოლიდარობას უცხადებს სასულიერო პირებს. ამასთან, ნინო ბურჯანაძისთვის მიუღებელია ის, რომ ეკლესიის მსახურთა მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მაშინ როდესაც, მისი თქმით, მკვლელები გარეთ დადიან.

"გაოცებული ვარ იმით, რომ პირველი ოქტომბრის არჩევნებიდან 10 თვის თავზე, კვლავ კუბლაშვილის სასამართლოში ვართ და გავხდით მოწმენი, ბოკერიასა და "ნაციონალური მოძრაობის" პროვოკაციის გამო, ეკლესიის მსახურთა გასამართლების. "ნაციონალური მოძრაობა" და მათი წარმომადგენლები არიან ის ადამიანები, ვინც ხალხს ფიზიკურად უსწორდებოდნენ, აუპატიურებდნენ. უსამართლობაა, როდესაც მკვლელები და ამ სისტემის შემქნელები გარეთ თავისუფლად დადიან. სოლიდარობას ვუცხადებ სასულიერო პირებს, რომლებიც, შესაძლოა, 17 მაისს ზედმეტად ემოციურები იყვნენ, მაგრამ მათი მხრიდან ცემა-ტყეპა და იმის მეასედიც კი არ ყოფილა, რაც 26 მაისს მოხდა", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. 

ნინო ბურჯანაძე სასამართლოს ეზოში მივიდა, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა, თუმცა, როგორც მან აღნიშნა, სასამართლო პროცესს არ დაესწრება.