დეპუტატ როლანდ ახალაიას განცხადებით, "გიორგი გაბედავა ხულიგანია, რომელიც ციხეში უნდა იჯდეს".
ამის შესახებ ახალაიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარი ინციდენტის შემდეგ განცხადა.
"ეს არის ხულიგანი, რომელიც პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლეს, ვითომ პოლიტპატიმარია, სინამდვილეში პროვოკატორი და ბანდიტია. ციხეში უნდა იჯდეს ასეთი ხალხი. სამწუხაროდ, დღეს გარეთ რომ არიან, იმის ბრალია ყველაფერი. მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, 1989 წელს მამამისი იყო ასევე შეგზავნილი ახალგაზრდობაში, პოლიციის აგენტი იყო და ყოველ გამოსვლაზე "აჩოტებს" აბარებდა შინაგან საქმეთა მინისტრს და ესეც ასეა ალბათ, დარწმუნებული ვარ, აბა რა უნდა უნდოდეს, რომ პროვოკაციებზე მოდის", - განაცხადა ახალაიამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს გიორგი გაბედავამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში მდგომ როლანდ ახალაიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, საპასუხდო კი თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას ადვოკატმა გიორგი ონიანმა მას ყავის ჭიქა ესროლა.