საქალაქო სასამართლოში ინციდენტი მოხდა

საქალაქო სასამართლოში ინციდენტი მოხდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულ გიორგი გაბედავასა და თავდაცვის ექს-მინისტრი ბაჩო ახალაიას ადვოკატ გიორგი ონიანს, ასევე დეპუტატ როლანდ ახალაიას შორის ინციდენტი მოხდა.

როლანდ ახალაია თავდაცვის ექს-მინისტრის ადვოკატებთან – გიორგი ონიანთან და რომეო საჯაიასთან ერთად სასამართლოს ეზოში იდგა, როდესაც შენობაში მყოფმა გიორგი გაბედავამ მას თავისი პროკურორობის დროინდელი საქმიანობა შეახსენა, რის შემდეგაც ადვოკატმა გიორგი ონიანმა გაბედავას მიმართულებით ყავის ჭიქა ისროლა.

"გიორგი გაბედავამ გვაგინა და შეურაცხყოფა მოგვაყენა. ეს იყო კარგად ორგანიზებული პროვოკაცია, რომელიც არ მომდინარეობდა გაბედავასგან, არამედ მომდინარეობდა მათგან, ვინც ასეთ ადამიანებს პოლიტპატიმარი დაარქვა", - განაცხადა ონიანმა.

თავად გიორგი გაბედავა უარყოფს, რომ როლანდ ახალაიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

"მე როლანდ ახალაიასთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. ახალაიამ პროკურორობის დროს ჩემს ოჯახს ბევრი ცუდი გაუკეთა, უსამართლოდ შეუფარდა გარკვეული სასჯელები და მე მას უბრალოდ ის პერიოდი გავახსენე და ამის გამო გაღიზიანდა", - განაცხადა გაბედავამ და დასძინა, რომ "ახალაიას ხალხი გაასამართლებს".