სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 25 ივლისს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდება.
ამის შესახებ პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ განაცხადა, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციის შემადგენლობაში, რუსეთის გაქრისტიანების 1025 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად დღეს მოსკოვში გაემგზავრა.
"მნიშვნელოვანი ღონისძიებები არის დაგეგმილი. რა თქმა უნდა, უმთავრესი და ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა არის სადღესასწაულო წირვა ამ დიდ მოვლენასთან დაკავშირებით, რომელიც გაიმართება როგორც მოსკოვში, ასევე კიევსა და მინსკში. 25 ივლისს დაგეგმილია ადგილობრივი ეკლესიების მეთაურების შეხვედრა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან, 27 ივლისს – ისევ ადგილობრივი ეკლესიების მეთაურები, მათ შორის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ხვდება უკრაინის პრეზიდენტს, ხოლო 29 ივლისს გაიმართება შეხვედრა ბელორუსიის პრეზიდენტთან", - განაცხადა მამა გიორგი ზვიადაძემ.