მამუკა ივანიაძე პროკურატურაში იმყოფება

მამუკა ივანიაძე პროკურატურაში იმყოფება

საქართველოს მთავარ პროკურატურაში სოფლის მეურნეობის მაღალჩინოსნების საქმეში ბრალდებული მამუკა ივანიაძე შევიდა. როგორც ჟურნალისტებს ივანიაძის ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა პროკურატურაში შესვლამდე განუცხადა, დღეს, სავარაუდოდ, ივანიაძისგან ხელნაწერის ნიმუშს აიღებენ. 

"მე როგორც ვიცი, დღეს არ იქნება დაკითხვა, მე ვესაუბრე გამომძიებს, რომელმაც მითხრა, რომ ხელნაწერის ნიმუში უნდა აუღონ და დაადასტურონ მისი დაწერილია თუ არა ჩვენება. ჩვენება რომ მისი დაწერილია, ამას არც უარყოფს ბატონი მამუკა, აქ ლაპარაკია იმაზე თუ რა ზეწოლის შედეგად მოხდა მის მიერ ამის დაწერა", - განაცხდა ნიკოლაიშვილმა.

რაც შეეხება პროკურატურის მიერ გუშინ გავრცელებულ ვიდეომასალას, როგორც ნიკოლაიშვილი აცხადებს, ეს მასალა უკანონოდ არის მოპოვებული.

"როდესაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კამერით შედის ადამიანი, რომელსაც არანაირი ნებართვა ამის არ აქვს, ეს არის უკვე დანაშაული. პროკურატურას იმდენად გაუჭირდა, რომ იძულებული გახდა მისი ეს უკანონო ქმედება გაესაჯაროვებინა. მე თავად მამუკა ივანიაძესაც ვესაუბრე აღნიშნულთან დაკავშირებით, რომელმაც მითხრა, რომ მას არც კი ახსოვს ამ ვიდეომასალის ამსახველი მომენტები", - განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

თავად მამუკა ივანიაძე ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ მან ზეწოლის შედეგად მისცა ჩვენება.

"ყველა კითხვაზე პასუხს გამოსვლის შემდეგ გაგცემთ. მანამდე კი საუბარი არ მსურს", - განაცხადა მამუკა ივანიაძემ.