კუდ-ის თანამშრომლის აღიარება და ბოდიში ღარიბაშვილ-თამაზაშვილების ოჯახებს

კუდ-ის თანამშრომლის აღიარება და ბოდიში ღარიბაშვილ-თამაზაშვილების ოჯახებს

კუდ-ის სიღნაღი-დედოფლისწყაროს სამმართველოს უფროსის ღია წერილში, ყოფილი ძალოვანი ილია ნატროშვილი შს მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის და თამაზ თამაზაშვილის ოჯახებს ბოდიშს უხდის და საკუთარ ქმედებებზე სინანულს გამოხატავს. როგორც ნატროშვილი წერს, იმის გამო, რომ ღარიბაშვილი და თამაზაშვილები დედოფლისწყაროში ცხოვრობდნენ, კუდ-ის ხელმძღვანელობა მას წამდაუწუმ თბილისში იბარებდა და საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ წასვლა უწევდა. ნატროშვილი თავს სისტემის მსხვერპლს უწოდებს.

ილია ნატროშვილის ღია წერილს, რომელიც რედაქციამ მიიღო, ქიზიყი.ge უცვლელად გთავაზობთ.

„ნაციონალური მოძრაობის 9-წლიანი მმართველობის პერიოდში მე ძალოვან სტრუქტურებში ვმუშაობდი. ამ სტრუქტურას თავისი შინაგანაწესი და პრინციპები აქვს, ასევე დაწერილი და დაუწერელი კანონები, თუ როგორ უნდა იმოქმედოს მისმა მუშაკმა… მეც ამ სისტემის მსხვერპლი აღმოვჩნდი და ბევრჯერ მომიწია ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ წასვლა. ზურაბ ადეიშვილი პირადად იძლეოდა ინსტრუქციებს, თუ როგორ უნდა ემოქმედა ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს. წინასაარჩევნო პერიოდში ჩემზე განსაკუთრებით დიდი ზეწოლა იყო – რადგან დედოფლისწყაროელი ვიყავი, არავის სჯეროდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ წავიდოდი. ამიტომ ხშირად მიბარებდნენ ზედა ინსტანციებში და სხვადასხვა სახის დავალებებს მაძლევდნენ.

ამის გამო დღემდე მქენჯნის სინდისი და სიძულვილი მამოძრავებს ქვეყნის პრეზიდენტის, ვანო მერაბიშვილის, ლალიაშვილისა და სხვა მაღალჩინოსნების მიმართ, ვინც ამ სისტემის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი და ჩაგვადენინეს ის ცოდვები, რომლებიც რამდენად მოგვეტევება, ჯერ არ ვიცით… ჩემი სურვილის წინააღმდეგ მომიწია წასვლა წინასაარჩევნო პერიოდის დროსაც, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ ღიად ებრძოდა „ქართულ ოცნებას“.

მე მინდა, ამ წერილის საშუალებით მოვინანიო ის ცოდვა, რომელიც ნებსით თუ უნებლიეთ ჩამიდენია, განსაკუთრებით ეს ეხება ბატონ თამაზ თამაზაშვილს. მინდა, მას და მთელ მის ოჯახს საჯაროდ მოვუხადო ბოდიში იმ ტკივილისთვის, რაც მათ წინასარჩევნო პერიოდში დაუმსახურებლად გადაიტანეს,“ – ნათქვამია ილია ნატროშვილის მიმართვაში.

თელავის რაიონულ სამართლოში გამართულ სხდომაზე მოსამართლე მამუკა წიკლაურმა, დაცვის მხარის შუამდგომლობა აღკვეთი ღონისძიება პატიმრობის 10 ათასლარიანი გირაოს შეცვლის შესახებ დააკმაყოფილა და ილია ნატროშვილი სასამართლო დარბაზიდან ორი თვის წინ გაათავისუფლა. პროკურატურა ბრადებულს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, თაღლითობასა და ბანერის ქურდობისთვის წაქეზებაში ედავებოდა. შეგახსენებთ, რომ ილია ნატროშვილის წინააღმდეგ სისხლის სამმართლის საქმე 2013 წლის 30 იანვარს აღიძრა და ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. ქიზიყი.ge-მ ნატროშვილის მიმართ ძებნის გამოცხადების თაობაზე ინფორმაცია ექსკლუზიურად გაავრცელა. კუდ-ის ყოფილი უფროსი სამართალდაცავებმა მიმდინარე წლის 2 მარტს საზღვრის გადმოკვეთის დროს დააკავეს