სოფლის მეურნეობის ყოფილმა მინისტრმა დავით კირვალიძემ მოდულის შენობა წუხელ, დაახლოებით 23.00 საათზე, მოწმის სტატუსით დაკითხვის შემდეგ დატოვა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მას კითხვები სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შპს "მექანიზატორის" საქმესთან დაკავშირებით დაუსვეს. დავით კირვალიძემ დაკითხვის დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დაკითხვის დეტალებზე ვერ ისაუბრებს.
კირვალიძის გაცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს და სასამართლოზე ყველაფერი გამოჩნდება. ჟურნალისტების კითხვაზე - დაუსვეს თუ არა მას შეკითხვები მამუკა ივანიაძესთან დაკავშირებით, კირვალიძემ აღნიშნა, რომ - არა. მისივე თქმით, მისთვის პროკურატურის მიერ გუშინ გავრცელებული ვიდეოც არ არის ცნობილი და კომენტარს ვერ გააკეთებს.
მიმდინარე წლის მაისში შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სახელმწიფო შპს ,,მექანიზატორის" მაღალი თანამდებობის პირები დააკავეს. საქმე სახელმწიფოს კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის, სამსახურებრივი გულგრილობისა და ექსპერტებზე ზეწოლის საქმის მიმდინარე გამოძიებას ეხება.