ცოტა ხნის წინ, გარდაბნისა და წალკის მაჟორიტარმა-დეპუტატებმა გიორგი (თემურ) ფეიქრიშვილმა და რეზო შავლოხაშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს, ყოფილი ნაციონალები ზვიად ძიძიგურმა შეიფარა და საკუთარ პარტიაში, რომელიც კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრია, „კონსერვატორებში“ გააწევრიანა.
წარსულში თემურ ფეიქრიშვილი გარდაბნის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარედ, ხოლო რევაზ შავლოხაშვილი გარდაბნის პოლიციის უფროსად „მოღვაწეობდნენ“, ორივე მათგანი კი კუდ-ის ყოფილი უფროსის, ვაჟა ლელუაშვილის „სამეგობროა“. თემურ ფეიქრიშვილი ლელუაშვილის მეჯვარეცაა.
ფეიქრიშვილი და ლელუაშვილი ცოტა ხნის წინ კუდ-ის ყოფილმა თანამშრომელმა თემურ კენკებაშვილმა გაზეთ „ქრონიკა+“-ის ფურცლებიდან ამხილა ფულის გათეთრებაში, თუმცა ამ ფაქტს ხელი არ შეუშლია ფეიქრიშვილისთვის მმართველი კოალიციის წევრი გამხდარიყო.