საზღვარგარეთ შექმნილ სარჩევნო უბნებში ხმის მიცემის შესაძლებლობა ერთდროულად 20–დან 3000–მდე ამომრჩეველს მიეცემა. ეს კიდევ ერთი ახალი საკანონმდებლო ინიციატივაა , რომელიც პარლამენტს საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის სახელით წარედგინა.
საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების პროექტის თანახმად, სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნებს ქმნის ცესკო არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 30-ე დღისა, საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემების საფუძველზე, არა ნაკლებ 20 და არა უმეტეს 3000 ამომრჩევლისთვის.
ამავე ცვლილებების ფარგლებში ზუსტდება საკითხი, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრები ამომრჩევლის ე.წ. გადასატანი ყუთით სარგებლობას შეეხება. პროექტის თანახმად, სხვა სახელმწიფოში მდებარე საარჩევნო უბნებზე გადასატანი საარჩევნო ყუთის სია დგება, მხოლოდ იმ ქალაქის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში მცხოვრები ამომრჩევლების მონაცემების საფუძველზე, სადაც მდებარეობს საარჩევნო უბანი.
საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტში ხუთ პროექტად არის რეგისტრირებული. ინტერფრაქციული ჯგუფის ფარგლებში მომზადებული ინიციატივები ეხება არჩევნებისთვის ადმინისტრაციული რესურსის შეზღუდვას, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ბიომეტრიული სიის ფორმირებას, საარჩევნო ხარჯების დაფარვის მიზნით პარტიებისთვის ბიუჯეტიდან 1 მილიონის გამოყოფას, უწყებათაშორისი კომისიის უშიშროების საბჭოდან იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლას და არჩევნებთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. პარლამენტს ასევე წარედგინა "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები.
ყველა ზემოთ აღნიშნული საკითხი დაჩქარებული წესით განხილვის საგანს წარმოადგენს. მათ განხილვა-დამტკიცებას პარლამენტი მიმდინარე რიგგარეშე სესიის ფარგლებში აპირებს.