ამომრჩევლებს, რომლებიც საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციიდან მოხსნილნი არიან, ან რომელთა რეგისტრაციაც ძალადაკარგულადაა გამოცხადებული, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცემათ. საუბარია 90 000 – ზე მეტ ამომრჩეველზე.
ამ მიმართულებით საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. მის განხილვას დეპუტატები ხვალიდან, დაჩქარებული წესით იწყებენ.
"საარჩევნო კოდექსს" ემატება სპეციალური მუხლი, რომლის თანახმადაც, ამომრჩეველი, რომელიც მოხსნილია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან, ან რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილებით, 27 ოქტომბრის არჩევნებისთვის ხმას აძლევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციას 2013 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით გაივლის.
ამავე ცვლილებების გათვალისწინებით, ასეთი ამომრჩეველი თავისუფლდება საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემისა და ფოტოსურათის გადაღებისათვის დადგენილი მომსახურების საფასურისაგან (გარდა დაჩქარებული მომსახურების საფასურისა) იმ შემთხვევაში, თუ დადგენილია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რეგისტრაციის მოთხოვნასთან ერთად პირადობის მოწმობის გაცემის თაობაზე მოთხოვნის წარდგენა. პროექტის თანახმად, პირი არ თავისუფლდება საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემისათვის დადგენილი მომსახურების საფასურისაგან, თუ ის ბოლო საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან მოხსნილ იქნა საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის, ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის შეწყვეტის ან დროებითი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლის შემთხვევებში.
ცნობისთვის, საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტში ხუთ პროექტად არის რეგისტრირებული. ინტერფრაქციული ჯგუფის ფარგლებში მომზადებული ინიციატივები ეხება არჩევნებისთვის ადმინისტრაციული რესურსის შეზღუდვას, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ბიომეტრიული სიის ფორმირებას, საარჩევნო ხარჯების დაფარვის მიზნით პარტიებისთვის ბიუჯეტიდან 1 მილიონის გამოყოფას, უწყებათაშორისი კომისიის უშიშროების საბჭოდან იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლას და არჩევნებთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. პარლამენტს ასევე წარედგინა "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები.
ყველა ზემოთ აღნიშნული საკითხი დაჩქარებული წესით განხილვის საგანს წარმოადგენს. მათ განხილვა-დამტკიცებას პარლამენტი მიმდინარე რიგგარეშე სესიის ფარგლებში აპირებს.