რევაზ კარალიძისა და ავთანდილ ცეცხლაძისთვის პროკურატურამ აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა მოითხოვა

რევაზ კარალიძისა და ავთანდილ ცეცხლაძისთვის პროკურატურამ აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა მოითხოვა

ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რევაზ კარალიძისთვის და ქობულეთის მცხოვრებ ავთანდილ ცეცხლაძისთვის, რომელთაც ბრალად ქრთამის აღება ედებათ, პროკურატურამ აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდება მოითხოვა. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ბრალდებულების ადვოკატები მოითხოვენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფებს აღმკვეთი ღონისძიების არც ერთი სახე არ შეეფარდოთ და დარბაზიდან გათავისუფლდნენ.

პროცესზე ბრალდებულებმა გამოკითხვისას აღნიშნეს, რომ ისინი ქრთამის აღების ბრალდებას არ აღიარებენ. ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, რევაზ კარალიძის ადვოკატები გოგიტა გაბაიძე და ირაკლი გაბრიჩიძე, მათი დაცვის ქვეშ მყოფის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს პროვოცირებულს უწოდებენ.

როგორც გოგიტა გაბაიძემ საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პოლიტიკური ნიშნით არის დაპატიმრებული. კერძოდ, გაბაიძის თქმით, ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის "თანამდებობიდან მოშორება სურდათ".

ორივე დაკავებულს ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებიან, რაც 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

როგორც კარალიძემ საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განაცხადა, მისი დაკავებისას დაირღვა პროცედურული ნორმები. კერძოდ, იგი სახლიდან გამოიყვანეს მოტყუებით, თითქოს ახლობელს უნდა შეხვედროდა და მხოლოდ ავტომობილში მოთავსების შემდეგ უთხრეს, რომ იყო დაკავებული. ამასთან, როგორც ბრალდებულმა აღნიშნა, მასთან ადვოკატს არ უშვებდნენ.

იგივე დარღვევებზე საუბრობს მეორე ბრალდბული, ავთანდილ ცეცხლაძე, რომელმაც განაცხადა, რომ წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს და მსგავს დანაშაულთან კავშირი არ ჰქონია.

ბრალდების მხარის პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა კი საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე აღნიშნა, რომ პროცედურულ დარღვევებს ბრალდებულების დაკავების პროცესში ადგილი არ ჰქონია. მათთან ადვოკატის შესვლა კი, როგორც პროკურორმა განმარტა, იქიდან გამომდინარე ვერ მოხერხდა, რომ მათ დამცველებს ორდერები არ წარუდგენიათ.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რევაზ კარალიძე და ავთანდილ ცეცხლაძე გუშინ დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, გატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად გამოვლინდა, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ამხილეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და ქრთამის აღებაში დამხმარე პირი. მათივე ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ რევაზ კარალიძემ, რომელიც ამავდროულად იყო მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის აუქციონის მუდმივმომქმედი სააუქციონო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, მის თანამზრახველთან ერთად, წინასწარი შეთანხმების მიხედვით, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ე.წ. ეკოპლაჟის ფიჭვნარის ტერიტორიაზე მდებარე 6 000 კვადრატული ფართობის მასივის გასხვისებისა და შეღავათიანი საინვესტიციო პირობების დაწესებაში თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენების დახმარების სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოითხოვა 120 000 ლარი.

გამოძიების ინფორმაციით, მოლაპარაკებების პროცესში კარალიძემ და მისმა თანამზრახველმა შესყიდვით დაინტერესებულ პირს ავანსის სახით წინასწარ გამოართვეს 30 000 ლარი, რა დროსაც ორივე მათგანი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.