თომას დე ვაალი:

თომას დე ვაალი: "ვისურვე, საქართველო ასეთი დამოკიდებული არ ყოფილიყო დიდ პიროვნებებზე - სააკაშვილზე, პატრიარქზე და მილიარდერზე"

ანალიტიკოსი თომას დე ვაალი ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დეტალებს იხსენებს.

"თბილისში, ჩემი სასტუმროს ფოიეში ვდგავარ. "თომას" - შორიდან მეძახის ახალგაზრდა წვერგაუპარსავი ქართველი და მიახლოვდება. მე თავს ვუქნევ. "ბიძინა", - მეუბნება ის ერთადერთ სიტყვას. ასე დაიწყო ჩემი წინასწარ დანიშნული შეხვედრა ადამიანთან, რომლის შესახებაც ყველაზე მეტს ლაპარაკობენ საქართველოში. "ლენდკრუიზერში" ჩავსხედით, თბილისის ერთი-ერთი ამაღლებული გორაკისკენ დავიძარით და პატარა კერძო ხეივანი გავიარეთ. ელექტროჭიშკარი ფრთხილად გაიღო და ჩვენ შუშისა და მეტალის კონსტრუქციის პირისპირ აღმოვჩნდით. ეს ფუტურისტული სასახლე, რომელსაც გარშემო თანამედროვე სკულპტურების პატარა ტყე აკრავს, იაპონელი არქიტექტორის შინ ტაკამაცუს ნამუშევარია. მასთან მისი თანაშემწე შემიძღვა.

ბიძინა ივანიშვილი ტანმორჩილია, პატარა ელფივით, უზადოდ ჩაცმული და მომღიმარი. მილიარდერთან ინტერვიუ მანამდე არასოდეს მქონია, თუმცა ამას ძალიან უშუალო მანერები აქვს. კედლებზე დაკიდებული ნახატების თვალიერებით ვიწყებთ: ეგონ შილე, კლოდ მონე, ლუსიენ ფროიდი. აღიარებს, რომ მაღალი დონის ასლებია, ორიგინალები კი ლონდონში ინახება. იგი საკმაოდ თავისუფლად, უბრალოდ საუბრობს, თუმცა იმასაც ვამჩნევ, რომ ამ სიმშვიდის უკან თავდაჯერებულობა და თვითკონტროლი დგას. ინტერვიუს ჩასაწერად ვსხდებით. ის - ლუსიენ ფროიდის ნამუშევარის ქვეშ, მე - მის პირდაპირ. ვუსვამ კითხვას, რომელიც გასული თვის მანძილზე მისთვის ასჯერ მაინც დაუსვამთ: "რამ გადაგაწყვეტინათ ქართულ პოლიტიკაში წასვლა?". გაზვიადებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ივანიშვილმა ქართული პოლიტიკა ერთ თვეში თავდაყირა დააყენა. ქვეყანამ მშფოთვარე 10 წელი გამოიარა. ჯერ 2003 წლის მშვიდობიანი "ვარდების რევოლუცია" იყო, რომელმაც ედუარდ შევარდნაძის გადაღლილ, მოძველებულ რეჟიმს დაუსვა წერტილი. შემდეგ ქვეყნის სათავეში მოვიდა 36 წლის მიხეილ სააკაშილი - ევროპის ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი, რომელიც სერიოზულ რეფორმებს ჩაუდგა სათავეში. მერყევი სააკაშვილი არაღიარებული რეგიონების გამო რუსეთთან კონფრონტაციაში ჩაება, რაც 2008 წლის აგვისტოში სრულმასშტაბიანი კონფლიქტით დასრულდა. ომში დამარცხების შემდეგ სააკაშვილის პოპულარობა დაეცა, თუმცა მან მაინც მოახერხა ხელისუფლების შენარჩუნება. მან და მისმა პარტიამ თანდათანობით პოზიციები აღიდგინეს. აღმასრულებელ, საპარლამენტო, ადგილობრივ ხელისუფლებებზე და მედიაზე ვირტუალური მონოპოლიის წყალობით ისინი 2012-13 წლების მოახლოებული არჩევნებისთვის კვლავ სხვებზე უპირატეს პოზიციაში აღმოჩდნენ.

ამ დროს გამოჩნდა მილიარდერი. რუსეთში ქონების დაგროვების შემდეგ ივანიშვილი მშობლიურ სოფელს დაუბრუნდა. მის ქონებას Forbes 5,5 მილიარდ დოლარად აფასებს. ივანიშვილი წლების მანძილზე ქველმოქმედებით აქტიურად იყო დაკავებული - არემონტებდა და აშენებდა სკოლებს, თეატრებს, ეკლესიებს, აფინანსებდა ხელოვნების წარმომადგენლებს. თუმცა საჯაროდ არასოდეს გამოჩენილა. ის იმდენად გასაიდუმლოებულად ცხოვრობდა, რომ "გრაფი მონტე კრისტოც" კი შეარქვეს. თუმცა ამ ისტორიაში ერთ ექსცენტრულ გადახვევას აქვს ადგილი: მისი ვაჟი ბერა ლოს-ანჯელესში საცხოვრებლად გადავიდა და საქართველოს ყველაზე ცნობილ რეპერად იქცა. რაღაც პერიოდში თავისი პოპულარობით საკუთარი მამაც კი დაჩრდილა. 2011 წლის 7 ოქტომბერს კი ივანიშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ პოლიტიკაში მოდიოდა და სააკაშვილს შეცვლიდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ამ განცხადებიდან ერთი თვის შემდეგ ჩამოვედი, ქვეყანაში საუბრების ორი მესამედი კვლავაც ივანიშვილს ეთმობა. ბოლო ერთი წლის მანძილზე 10-12 ადამიანი, რომელთაც თბილისში ვესაუბრები ხოლმე (ძველი მეგობრები, ჟურნალისტები, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, თბილისში მცხოვრები უცხოელები) დაახლოებით ამას მიმეორებდნენ: "სახელისუფლებო პარტიამ ბევრი კარგი რამ გააკეთა, თუმცა ისინი იმდენად არიან ძალაუფლების შენარჩუნებაზე ფოკუსირებული, რომ ხალხთან კავშირი დაკარგეს. მათ პიარ მესიჯები რეალობაში ეშლებათ. ძალიან ბევრ ადამიანს ყელში ამოუვიდა ეს სიტუაცია. თბილისში, ძირითადად, დემოკრატიული პროცესების შენელება აშფოთებთ, რეგიონებში კი უკმაყოფილების მთავარი მიზეზი უმუშევრობაა. თუმცა ოპოზიცია იმდენად მარგინალიზებულია, რომ სანდო ალტერნატივა არ ჩანს".

ამჯერად ჩემი მეგობრები სტატუს-კვოს შეცვლის პერსპექტივით მოხიბლულნი მომეჩვენენ. თუმცა თავად ივანიშვილისადმი დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. სხვადასხვა მოსაზრებები გამოითქვა: "მან თამაშის ახალი წესები შემოიტანა და ეს კარგია საქართველოსთვის"; "მისი მანერები არ მომწონს. ის მაშინებს"; "ხალხი უკვე ცინიკურად იყო განწყობილი მომავლის მიმართ, ახლა მათ იმედი გაუჩნდათ"; "ამ ეტაპზე ეს ერთი კაცის შოუა. ვნახოთ, მოახერხებს თუ არა გუნდის და პროგრამის ჩამოყალიბებას". იმ რიგითი მოქალაქეების განწყობა, რომელთაც ვესაუბრე, შემაშფოთებლად ენთუზიასტურია. ჩემმა ძალზე არამეცნიერულმა გამოკითხვამ, რომელიც ტაქსის მძღოლებში და აპოლიტიკურად განწყობილ ნაცნობებში ჩავატარე, აჩვენა, რომ ათიდან ათი ადამიანი ბიზნესმენს უჭერს მხარს. განსაკუთრებით ხშირად ისმოდა შემდეგი ფრაზა:

"მან ძალიან ბევრი გააკეთა საქართველოსთვის". ივანიშვილის გამოჩენაზე ხელისუფლებას მტრული და თავდაცვითი რეაქცია ჰქონდა. მას საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვეს, რითაც მისი პოლიტიკაში მონაწილეობა უნდა აღეკვეთათ. ქართული პასპორტი კიდევ უფრო არადამაჯერებელი არგუმენტით მის მეუღლესაც ჩამოართვეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ახლა ივანიშვილმა მოქალაქეობის აღდგენის თხოვნით პირადად სააკაშვილს უნდა მიმართოს. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ მას არც მეტი, არც ნაკლები, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მხარდაჭერა აქვს. კვირის ქადაგებისას პატრიარქმა განაცხადა, რომ ეს პატრიოტი კაცი საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის ღირსია. ივანიშვილის "ქართუ ბანკის" საქმიანობის აგრესიული გამოძიება, რომელსაც კლიენტების დაფრთხობის აშკარა მიზანი ჰქონდა, ასევე უკურეაქციით დასრულდა. წარუმატებლად დასრულდა პრო-სახელისუფლებო მედიის მიერ ივანიშვილის პრესკონფერენციის ჩაშლის მცდელობაც. ამ ყველაფრის გამო თბილისში თვემ დრამატულად ჩაიარა. ქართულ საჯარო სივრცეში რაღაცის ნაკლებობა იყო და ის ივანიშვილმა გამოაღვიძა. თუმცა როგორც აკადემიკოსმა გიორგი გოგსაძემ მითხრა, "საკითხი ივანიშვილის ფენომენს უფრო ეხება, ვიდრე მის პიროვნებას". სხვანაირად რომ ვთქვათ, იგი პირველ რიგში, ცვლილებების ნიშანია და უკვე შემდგომ - გამორჩეული პიროვნება. მიუხედავად ამისა, ადრე თუ გვიან, მნიშვნელოვანი გახდება, თუ როგორი პიროვნებაა ის.

ივანიშვილთან ჩემი 90-წუთიანი ინტერვიუც დაიწყო. კითხვას, "რატომ?" გრძელ პასუხს სცემს. ის ამჟამინდელ ხელისუფლებას ბევრ რამეში დაეხმარა და 2008 წლამდე სააკაშვილსაც ბევრჯერ შეჰხვედრია. ის აფინანსებდა ჯარს და სკოლებს, თუმცა ხელისუფლებას იმის გამო გამოეყო, რომ მისი აზრით, სააკაშვილმა 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები გააყალბა. ამის შემდეგ ივანიშვილმა ქართული ოპოზიციის "შესწავლა" დაიწყო. როდესაც დარწმუნდა, რომ ოპოზიციას ცვლილებების ძალა აღარ შესწევდა, სიტუაციაში ჩართვა თავად გადაწყვიტა.

"რა თქმა უნდა, ოპოზიციას რომ მოეხერხებინა და ხელისუფლებაში ჩემი დახმარების გარეშე მოსულიყო, არ მოვიდოდი პოლიტიკაში. ოპოზიციას ხელისუფლებაში მოსვლა უჩემოდ არ შეუძლია, მე მათ ამაში დავეხმარები". მან ქართულ საზოგადოებას დაღლა შეატყო: "ეს რეფორმები ხალხისთვის შოკისმომგვრელია. თითოეული რეფორმა, თითოეული ნაბიჯი მოსახლეობას შოკში აგდებს". მისი თქმით, ხელისუფლებამ "ფასადური ეკონომიკა, ყველაფერი ფასადური, პოტიომკინის სოფელი" შექმნა, ბიზნესი დღეს ნაკლებად თავისუფალია, ვიდრე შევარდნაძის პერიოდში და ამას ხელისუფლებამ შემოსავლებზე, მედიაზე და სასამართლო სისტემაზე მკაცრი კონტროლით მიაღწია". ვეუბნები, რომ ქართველები რადიკალური ცვლილებებისგან გადაიღალნენ და გარანტია სჭირდებათ, რომ თუ რეჟიმი შეიცვლება, ყველაფრის შენება ისევ ნულიდან არ დაიწყება. ის მეთანხმება და ამბობს, რომ მართლაც ბევრ ადამიანს, რომელიც თავის საქმეში პროფესიონალია, სურს, სამსახური შეინარჩუნოს, უკეთესი კარიერა გაიკეთოს.

ივანიშვილი სამ რეფორმას ახსენებს, რომლებიც მხოლოდ ვიწრო სეგმენტზეა გათვლილი: არაკორუმპირებული პოლიცია, ჯარის რეფორმირება და განათლების სისტემაში კორუფციის მოსპობა. ის, რაც ადამიანებს ყველაზე მეტად აშფოთებთ, ივანიშვილის ზედმეტად თავდაჯერებული ტონია. მილიარდერი ხშირად იმეორებს: "ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში!". ვეუბნები, რომ საქართველოს კიდევ ერთი მესია არ სჭირდება. ქვეყნის სამივე პრეზიდენტი - ზვიად გამსახურდია, ედუარდ შევარდნაძე და მიხეილ სააკაშვილი რიგ-რიგობით სარგებლობდნენ საქართველოს მხსნელის სტატუსით, რაც არასდროს მართლდებოდა ხოლმე და ხალხი იმედგაცრუებული რჩებოდა. ივანიშვილი ამ კითხვას ელოდება. "ჩემს მხარდამჭერებს სულ ამას ვთხოვ, რომ ჩემგან კერპი არ შექმნან!" - ამბობს სიცილით, შემდეგ კი საკუთარი სიტყვების გასამყარებლად დასძენს, რომ მოკავშირედ ორი დამოუკიდებელი და გამოცდილი ოპოზიციური პარტია შეარჩია. მათ შორის ერთ-ერთი ირაკლი ალასანიას, გაერო-ში საქართველოს ყოფილი ელჩის პარტიაა. ყველაფრის მიუხედავად, მისი გეგმა ძალიან რადიკალურია და მასში მთავარი მოქმედი გმირი თავადაა. წარმატების მიღწევას იგი საქართველოს ახალი ხელისუფლების ფორმირებითა და სისტემის შეცვლით გეგმავს, შემდეგ კი პოლიტიკიდან წავა. „გარანტიას გაძლევთ, რომ ძალაუფლებას სწრაფად დავთმობ. ორი წლის შემდეგ, ან ოდნავ მოგვიანებით კიდევ შევხვდებით და დარწმუნდებით, რომ ძალაუფლებას არ ვებღაუჭები". შემდეგ რუსეთზე კითხვის ჯერიც დგება. ეს ის საკითხია, რომელმაც 2008 წლის შემდეგ საქართველოს პოლარიზაცია მოახერხა. ნებისმიერი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელიც რუსეთთან ურთიერთობების გამო სწორებაზე საუბრობს, დგება იმ საფრთხის წინაშე, რომ პრო-სახელისუფლებლო მედია არაპატრიოტის იარლიყს მოარგებს. ეს დანაღმული ველია და ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს, რომ აქედან უსაფრთხოდ გამოვიდეს. "ერთის მხრივ, საქართველო აგვისტოს ომის დროს ძალიან დაზარალდა. ვინც არ უნდა იყოს პასუხისმგებელი ომის წამოწყებაზე, საქართველოს მიმართ აგრესიით რუსეთმა დიდი შეცდომა დაუშვა. მეორეს მხრივ, კარგად მესმის, რომ სიტუაციის დრამატიზება არ არის საჭირო. ჩვენ ისინი არ უნდა ვწყევლოთ, როგორც ამას სააკაშვილი აკეთებს. ამ სტაგნაციიდან თავის დასაღწევად ჩემს გუნდს და მე რუსეთის ხელისუფლებასთან საუბრის დაუყოვნებლივ დაწყება მოგვიწევს," - ამბობს ის. მაგნატი დასძენს, რომ უკვე დაიწყო რუსეთში თავისი ბიზნესის გაყიდვის პროცესი. ამ ბიზნესის მთლიანი ღირებულება, მისი ვარაუდით, $1.5 მილიარდია და იგი იმედოვნებს, რომ 1,5 მილიარდს მაინც მიიღებს. საუბრის შემდეგ შენობა და ხელოვნების გალერეა დამათვალიერებინა. ერთ-ერთ ყველაზე დიდ ოთახში სრული სიცარიელეა, მხოლოდ სტეინვეის პიანინო დგას ცენტრში ("პიანინოზე მთელი ჩემი ოჯახი უკრავს," - ამბობს ის). შუშის უზარმაზარი ფანჯრიდან თანამედროვე სკულპტურებით სავსე ტერასა ჩანს, შემდეგ ხედი სააკაშვილის ახალ საპრეზიდენტო შენობაზე, ბოლოს კი სამების ტაძარზე იშლება, რომლის მშენებლობაც ივანიშვილმა დააფინანსა. ამ მომენტში თავში ერთმა აზრმა გამიელვა: ვისურვე, საქართველო ასეთი დამოკიდებული არ ყოფილიყო დიდ პიროვნებებზე: სააკაშვილზე, პატრიარქზე და მილიარდერზე, რომლის გვერდითაც ვიდექი.

ის შთამბეჭდავ და ენიგმურ მიქს გვთავაზობს: ლუსიან ფროიდი და მართლმადიდებელი ეკლესია, ლოს-ანჯელესელი რეპერი და პატრიარქი, ბიზნეს-კარიერა რუსეთში და პრო-დასავლური მოკავშირეები, თავშეკავებული და რკინასავით მტკიცე. ამ ახალ ქართულ ფენომენთან გატარებული 90 წუთის შემდეგ დავასკვენი, რომ ის გულწრფელია და არავისი პროექტი არ არის, საკუთარი თავის გარდა. შევნიშნე ისიც, რომ პრობლემის გადაჭრის მისი ხედვა - ამ შემთხვევაში მთავრობა, რომელიც არ მოსწონს - ერთი ადამიანის ინტერვენციით არის შესაძლებელი. მისი პროგრამა ახლა იწერება. მიუხედავად იმისა, რომ მგონია, რომ ქართულ პოლიტიკას შენჯღრევა სჭირდება, გამიჩნდა შიშიც, რომ ქართველები ამ ახალ ფენომენს მხოლოდ მისი ფულის გამო ირჩევენ და კიდევ იმიტომაც, რომ მასში ახალ მსხნელს ხედავენ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, პრობლემა იმდენად არა ივანიშვილი, არამედ თავად ქართველები და მათი მოლოდინია. ეს იქნება დიდი ტესტი პატარა ქვეყნისთვის - გაუძლოს ივანიშვილისთანა მნიშვნელოვანი ფიგურის ქარიზმას, რაც უნდა გულწრფელი მიზნები ამოძრავებდეს მას".